ინტერვიუ
სად მიდიან ნინოწმინდის პანსიონის ბენეფიციარები - ინტერვიუ სოციალურ მუშაკთან
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლები ამ დრომდე რჩებიან. ბენეფიციარებთან სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები მუშაობენ. ერთ-ერთია ელენე მარტაშვილი, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკი.

რა ხდება ახლა ნინოწმინდის პანსიონში?

გრძელდება მუშაობა, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან, 24-საათიანი მონიტორინგი გვაქვს დაწესებული. ამ ეტაპზე, 16 არასრულწლოვანი იმყოფება პანსიონში.

37 მოზარდი, რომელმაც დატოვა პანსიონი სად გადანაწილდნენ ისინი?

ბავშვებთან მუშაობის პროცესში უპირატესი მათი უფლებაა, რომ ბიოლოგიურ ოჯახში იყოს დაბრუნებული. ამიტომ მათი დიდი ნაწილი ამ ეტაპზე იმყოფება ბიოლოგიურ ოჯახში. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს შესაბამისმა ტერიტორიულმა ერთეულებმა შეაფასეს ამ ოჯახის გარემო, განსაზღვრეს რამდენად კეთილსაიმედოა ის ბავშვებისთვის.

ამის გარდა, ბავშვების ნაწილი განთავსდა ალტერნატიულ ზრუნვის ფორმებში, როგორიცაა მინდობითი აღზრდა და მცირე საოჯახო ტიპის სახლები. აქაც სპეციალისტები აქტიურად მუშაობენ.

ბენეფიციარების უმეტესობა დაბრუნდა ბიოლოგიურ ოჯახში. ორთვიანი სამოქალაქო პროტესტის გამო, თავად მშობლებმა გამოთქვეს მათი წაყვანის სურვილი?

როცა სოციალური მუშაკების და ფსიქოლოგების დიდი ჯგუფი შევედით პანსიონში, ინდივიდუალურად შევაფასეთ ყველა ბავშვი და მათი ბიოლოგიური ოჯახები. მშობლის სურვილი, რომ წაეყვანა ბავშვი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ვუსმენდით და ვიზიარებდით ბავშვის სურვილს, რამდენად უნდოდათ დაბრუნება.

არაერთი მშობელი გვიკავშირდებოდა, ვაფასებდით მათ გარემოს, რამდენად ჰქონდათ სხვადასხვა საჭიროებების დაკმაყოფილების საშუალება. რამდენად უსაფრთხო და კეთილსაიმედო იყო გარემო. სადაც კი ამის შესაძლებლობა იქნა, ყველა შემთხვევაში ბავშვები ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნდნენ.

პანდემიის დროს კიდევ უფრო გაუარესდა საშუალო და მცირე შემოსავლის მქონე ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობა. მათ შორის ის ოჯახები, რომლებმაც სიღარიბის გამო ბავშვები პანსიონში გაუშვეს. მაშინ, სად აბრუნებთ ამ ბავშვებს? სახელმწიფო თუ უზრუნველყოფს ფინანსურ მხარდაჭერას ასეთი ოჯახებისთვის?

სადაც განხორციელდება რეინტეგრაცია, ანუ ბავშვი მუდმივად საცხოვრებლად გადავა ბიოლოგიურ ოჯახში, ამ შემთხვევაში სახელმწიფო ყოველთვიურად ოჯახებს უხდის თანხას. ამის გარდა, ჩვენ გვაქვს კრიზისული სიტუაციების ქვეპროგრამა, რომელიც ასევე მოიცავს საკვების ხარჯებს. ასევე, თუ ოჯახს აქვს ქულა და არის რეგისტრირებული ბაზაში, მაშინ მას სოციალური დახმარება გაეზრდება.

როცა ჩვენ ვხედავთ, რომ ოჯახში არის ეკონომიკური პრობლემები, ეს არასდროს არის წამყვანი მიზეზი, რომ ამის გამო ბავშვი განცალკევდეს, დაუშვებელია და ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს. ამიტომ ყველა სამთავრობო და არასამთავრობო რესურსით ვცდილობთ, რომ გავაძლიეროთ.

აქტიურად ვთანამშრომლობთ თვითმმართველობებთან, გამგეობა ეხმარება სარემონტო სამუშოებზე. ასევე, დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციები გვეხმარებიან სხვადასხვა საჭიროებების დაკმაყოფილების პროცესში.

ბოლო 10 თვის განმავლობაში სოციალური მუშაკები არ შესულან პანსიონში. რატომ არ სტუმრობდით საკმაოდ მოწყვლად ჯგუფს - მოზარდებს და რატომ დაიწყეთ აქტიური მუშაობ მხოლოდ მაშინ, როცა სამოქალაქო პროტესტმა მიიღო უწყვეტი სახე.

ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, სააგენტოს წარმომადგენელს არასდროს შექმნია პრობლემა ნინოწმინდის პანსიონში შესვლასთან დაკავშირებით. აქ იგულისხმება პანდემიის პერიოდი, როცა არა მხოლოდ ნინოწმინდაში, არამედ ყველა სხვა ინსტიტუციაში და მათ შორის ალტერნატიული ზრუნვის ფორმებში, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე რეკომენდებული იყო შესვლა-გასვლა და უცხო პირების მოძრაობა შეზღუდულიყო.

თუმცა კორონავირუსის გავრცელების საფრთხე კვლავ არის, მაგრამ დაიწყეთ აქტიური მუშაობა. ნინოწმინდის პანსიონზე ორი სისხლის სამართლის საქმე თქვენი მიმართვის საფუძველზე აღიძრა, ანუ 2019-2020 წლებში თქვენ უკვე იცოდით, რომ პანსიონში სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა გადაცდომებს. ამის მიუხედავად, ამბობთ რომ პანდემიის გამო არ შეხვედით გასულ წელს. რატომ არ გადაწონა ბავშვების უსაფრთხოების საკითხმა პანდემია?


ეს 10-თვიანი წყვეტა ისე არ უნდა გავიგოთ, რომ სოცმუშაკს არ ჰქონდა კონტაქტი ბავშვებთან. სოციალური მუშაკი იყო მუდმივად ხაზზე სატელეფონო და სხვადასხვა სოციალური ქსელების გამოყენებით ბავშვებთან. იმისდა მიუხედავად, რომ სოციალური მუშაკების შესვლა იყო შეზღუდული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, ბავშვის უპირატესი უფლებიდან გამომდინარე, პირისპირ ინტერვიუ გაიმართებოდა. ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ვმოქმედებდით.

| Print |