ინტერვიუ
კომპანიაში სრული კონტროლის დამყარება სახელმწიფოს შეუძლია - დავითაშვილი "ბორჯომზე"

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, კომპანია „ბორჯომში“ საქართველოს, აქციების 7.73% ექნება, ხოლო დირექტორთა საბჭოში გადამწყვეტი ხმის უფლების მქონე დირექტორი ეყოლება.

დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ დეტალურად ახსნა „ბორჯომსა“ და სახელმწიფოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობები.

მისი თქმით, “ინვესტმენტ ლიმიტედი“ არის „ბორჯომის“ მმართველი და მფლობელი კომპანია. საქართველოს მთავრობამის გადაწყვეტილებით კი 1 104 აქცია საქართველოს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადმოეცა.

"მეორე გარიგების მიხედვით, რეგულირდება კონკრეტული ურთიერთობები პარტნიორთა შორის. აქედან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს სახელმწიფო დირექტორთა საბჭოში წარმოდგენილი იქნება ერთი ხმის უფლების მქონე დირექტორით და ერთი დამკვირვებელი დირექტორით. შემდგომში აქციონერთა სტრუქტურა ასე განისაზღვრება - „ერასმონი ლიმიტედი რისაში“ იქნება 49.99% აქციების მფლობელი. ეს არის კომპანია, სადაც რამდენიმე მფლობელი იყო სანქცირებული და სანქცირებული პირები, რომლებსაც ჰქონდათ ბრიტანეთისა და ევროკავშირის სანქციები, აღარ იქნებიან უმრავლესობის მქონენი კომპანია „რისაში“, რომელიც ფლობს კომპანია „ბორჯომს“- განმარტავს დავითაშვილი.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, მეორე მსხვილი აქციონერი კომპანიაში „Black Waters Limited“-ია, რომელსაც 38.48% აქციების გააჩნია. ასევე, ძალიან მცირე წილი 3.79% ეკუთვნის „ბორჯომის“ ყოფილ თანამშრომელს და სხვადასხვა აქციონერებს, რომლებიც ჯამში ამ ოდენობას ფლობენ.

"ორი დირექტორი ეყოლება „ერასმონი ლიმიტედს“, ორი დირექტორი მეორე მსხვილ აქციონერს „Black Waters Limited-ს“ და ერთი აქციონერი, რომელიც გადამწყვეტი ხმის მქონეა, ეს არის დირექტორთა საბჭოს წევრი და მას წარმოადგენს სახელმწიფო. შესაბამისად, კომპანიაში სრული კონტროლის დამყარება სახელმწიფოს შეუძლია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, შესაძლებელია, რომ არასანქცირებული აქციონერების ჯგუფმა საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენელზე დელეგირება მოახდინოს მმართველობის კუთხით, ესეც განსაზღვრულია ხელშეკრულებით და სახელმწიფომ სრულად შეძლოს კომპანიის მმართველობა.

სრულფასოვანი შესწავლისა და შეფასების შემდეგ, დროის მოკლე პერიოდში, სახელმწიფომ ეს გადაწყვეტილა მიიღო და ვფიქრობ, რომ ჩვენ შევძლებთ იმას, რომ საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული ბრენდის წარმატებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს ვუპასუხოთ, რომლებიც საკმაოდ დაზიანდნენ სანქციების შემოღების დაწყებიდან“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
| Print |