ინტერვიუ
რას ნიშნავს ობსერვატორიასთან ხუთი მანქანის კოლონით მისვლა და პროვოკაციების მოწყობა? - რეზო ჭანიშვილი აქციის მონაწილეებს პასუხობს
აბასთუმნის ობსერვატორიის დირექტორი აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ ადმინისტრაციის ბრძანება მათივე უსაფრთხოებისთვის. რევაზ ჭანიშვილის თქმით, აბასთუმნის ობსერვატორიაში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც ტერიტორიაზე შეზღუდულია მიმოსვლა, ,,თუ არ არის აუცილებელი მოთხოვნილება, განსაკუთრებული საჭიროების გარეშე შესვლა შეზღუდულია".
- ბატონო რეზო, თქვენი ბრძანების საფუძველზე, ადამიანებს არ უშვებენ ობსერვატორიის ტერიტორიაზე, რას უკავშირდება ეს გადაწყვეტილება?

იქ მიდის მასშტაბური სამუშოები, მძიმე ტექნიკა მუშაობს, სიმაღლიდან რაღაცეები ვარდება და ასეთ დროს, ამ ტერიტორიაზე ბევრი ხალხის ყოფნა არ არის საჭირო, რა არის აქ გაუგებარი?

- ეს ადამიანები ამბობენ, რომ მართლზომიერ მფლობელობაში აქვთ ბინები და შესვლის უფლება აქვთ და არ უნდა სჭირდებოდეთ ნებართვა?

ერთი, რომ ამ ადამიანებს მართლზომიერ მფლობელობაში არ აქვთ (ეს ბინები) და მეორე, ამ საკითხს მე საერთოდ არ განვიხილავ. ჩვენ ხომ არ ვართ უძრავი ქონების მეპატრონეები, ჩვენ გადმოგვეცა მმართველობაში. თუ პრეტენზია აქვთ, რომ მათი საკუთრებაა, მაშინ ეკონომიკის სამინისტროს უნდა მიმართონ ან სასამართლოს. მაგრამ ახლა საკითხი ასე არ დგას.

აქ საუბარია ბრძანებაზე, მათ შორის თანამშრომლებსაც ეთხოვათ, რომ მიმდინარე მასშტაბური სამუშოების გამო ხალხის კონცენტრაცია არ იყოს ობსერვატორიის ტერიტორიაზე, გარდა იმისა, ვინც მუშაობს და აწარმოებს დაკვირვებას. ამიტომ შევზღუდოთ შესვლა. ვთხოვე თანამშრომლებს, რომ დირექციასთან შეთანხმების გარეშე არ წახვიდეთ, ეს არის სულ. რა არის აქ გაუგებარი? ისინი თავის მოთხოვნილებებს სხვა საკითხს აბამენ, რომ ბინები მათი საკუთრებაა. ეს გაარკვიონ ახლა კომპეტენტურ უწყებასთან არის თუ არა მათი.


- საკითხი დროის გამო წამოიწია. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ბოლო ოთხი წელია ვერ ახერხებენ ობსერვატორიის ტერიტორიაზე შესვლას სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის კოვიდის გამოც, სწორედ ამის გამო გაუჩნდათ კითხვები?

განცხადება ყველაფრის შეიძლება, კოვიდი მოგონილი ხომ არ არის? მე მომიტანეს ჩამონათვალი, ვინ სად რამდენი უნდა შევიდეს და ზოგიერთ ბინაში არის 20 კაცზე მეტი მოთხოვნა, 10, 12... ახლა თქვენ თქვით, კოვიდის პერიოდში ამდენი ხალხის შეშვება თუ შეიძლებოდა... ჩვენ კონფლიქტში არ შევდივართ, პირდაპირ გეუბნებით, ჩემი აზრით, ისინი იქ იმყოფებიან უკანონოდ. ეს თანამშრომლების ბინებია და ესენი თანამშრომლები ხომ არ არიან?

- მათი ოჯახის წევრები არიან: მშობლები, შვილები...

ყოფილი... ყოფილი თანამშრომლების ოჯახის წევრები და ეს ხომ მემკვიდრეობით არ გადაეცემათ არა? ეს აბსურდია.. ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან, როცა იქ იყვნენ თანამშრომლები მუდმივად, ცხადია იქვე ჰყავდათ ოჯახები მცირეწლოვანი შვილები, აბა ხომ არ დააშორებდნენ? სრულწლოვანი შვილი იქ ხომ არ იქნებოდა, ასტრონომი თუ არ არის? რა უნდა აკეთოს მთის კენწეროზე? როცა თანამშრომელი ამა თუ იმ მიზეზით ტოვებს სამსახურს - ან პენსიაზე გავიდა, ან სხვაგან წავიდა სამუშაოდ, ან გარდაიცვალა - ასეთებიც არის ხომ?

მაშინ ეს ბინა და გასაღები უნდა ჩაბარდეს ადმინისტრაციას და რაც მაგათმა თავის დროზე არ გააკეთეს 90-იანი წლებიდან მოყოლებული, მძიმე წლები იყო, არ მიექცა შესაბამისი ყურადღება. წლებია ასე უკანონოდ სარგებლობენ, ისინი თვლიან, რომ მათია და თუ მათია, მიმართონ მაშინ გინდა სასამართლოს და გინდა შესაბამის
უწყებას. ბინის საკუთრების საკითხს, ჩვენთან კავშირი არ აქვს. რომც მინდოდეს, მე ვერ გადავწყვეტ, რადგან ეს სახელმწიფოს საკუთრებაა.

რაც შეეხება ბრძანებას, გამოცემულია და ყველაზე მოქმედებს. ტერიტორიაზე ბევრი ხალხის ყოფნა არ შეიძლება. მასშტაბური სამუშაოებია და ხელი გვეშლება, მუშები არიან, ტრაქტორი მოძრაობს და ახლა ხალხი იყოს კიდევ. ამიტომ ვთხოვეთ ყველას, რომ თავი შეიკავეთ გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა და რა თქმა უნდა დირექციასთან უნდა შეთანხმდეს. ეს არის და ეს.. რას ნიშნავს ობსერვატორიასთან ხუთი მანქანის კოლონით მისვლა და პროვოკაციების მოწყობა?


ობსერვატორიასთან მოქმედი და ყოფილი თანამშრომლების პროტესტი აბასთუმანში დასრულდა, თუმცა როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, უფრო მასშტაბური ხასიათის საპროტესტო აქცია უკვე დედაქალაქში გაიმართება.

რევაზ ჭანიშვილი, სსიპ - საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორის თანამდებობაზე საქართველოს განათლების მინისტრის 29 აპრილის ბრძანების მიხედვით, დაინიშნა. სამეცნიერო საბჭოს წარდგენილი ფიზიკოსი ობსერვატორიას ხუთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
| Print |