ინტერვიუ
როგორ გახდა მედრესე მეჩეთი - გოჩა ქიმაძე 8 მარტის მოვლენებს აფასებს

სკოლაპანსიონიდან მეჩეთის სტატუსამდე მერაბ მიქელაძის სახლი სურსათის უვნებლობის სააგენტოს გადაწყვეტილების გამო მივიდა. ადიგენის მერი გოჩა ქიმაძე განმარტავს, რომ მიქელაძე კვებისთვის საჭირო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა, რის გამოც მედრესე დაიხურა. ამის შემდეგ გადაწყდა სახლში მეჩეთის გახსნა.

,,მეჩეთის გახსნას სხვა დანიშნულება აქვს და სხვა სახის ნებართვები ჭირდება. როდესაც პრობლემა დადგა ამის გამო, ჩვენ შევთავაზეთ, რომ ბიუჯეტიდან მივცემდით 50 ათასამდე ლარს და ისინი სამართლიანი გზით შეიძენდნენ სახლს ან ააშენებდნენ მეჩეთს იქ, სადაც ამის საჭიროება იყო.

მზაობა იყო ორივე მხრიდან, მაგრამ როდესაც მოვითხოვე დოკუმენტაცია საჭირო ფინანსური ოპერაციის განსახორციელებლად, გაირკვა, რომ რელიგიის სააგენტოში აღნიშნული შპს არ იყო დაფიქსირებული. სააგენტოს კი თანხის ჩარიცხვა, შესაბამისი ნებართვების საფუძველზე, მხოლოდ მუსლიმთა სამმართველოსთვის შეეძლო.

მუსლიმთა სამმართველომ კი აღნიშნა, რომ აღნიშნული შპს მათ არ ექვემდებარებოდა, თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში კი განკარგვა სამმართველოს საჭიროების მიხედვით მოხდებოდა. სამცხე-ჯავახეთის მუფთთან ბატონ მამუკასთან (ვაშაყმაძე) შეთანხმებას მივაღწიეთ, მაგრამ პრობლემა ამჯერად თავად მერაბ მიქელაძემ შექმნა.

მან თანხის ჩარიცხვა საკუთარ ანგარიშზე მოითხოვა და აღნიშნა, რომ მუსლიმთა სამმართველოსთან ურთიერთობა არ ჰქონდა“
- განმარტავს ადიგენის მერი გოჩა ქიმაძე.

გოჩა ქიმაძის თქმით, ამის შემდეგ შეთანხმდნენ, რომ სახლში მხოლოდ თავად ილოცებდა და შენობას მეპატრონე მეჩეთის დანიშნულებით არ გამოიყენებდა. თავდაპირველად, პირობას ორივე მხარე იცავდა, მაგრამ პირობა შეთანხმება დაირღვა.

დაბა ადიგენში, კერძო პირის მერაბ მიქელაძის სახლთან მართლმადიდებლები 8 მარტს შეიკრიბნენ. მართლმადიდებელი სასულიერო პირები და მრევლი მიქელაძისგან პირობის შესრულებას მოითხოვდნენ. მათი თქმით, ხუთშაბათს, 7 მარტს, ადიგენის ორივე რელიგიის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ სახლს, რომელიც კერძო პირს ეკუთვნოდა ,,მეჩეთად არ გადააქცევდნენ“ და მუსლიმური ტრადიციის თანახმად ყოველ პარასკევს ლოცვას არ ჩაატარებდნენ.

შეთანხმების მიუხედავად, მართლმადიდებლებმა მერაბ მიქელაძისგან პირობა მიიღეს, თუმცა პარასკევს ლოცვა მაინც ჩატარდა. სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა მიქელაძის სახლთან ხალხის შეკრება, რომელსაც მოგვიანებით ადიგენის მერმა მიმართა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
| Print |