ჯანდაცვა
ბორჯომში, წითელას 20–მდე შემთხვევა დაფიქსირდა
ბორჯომში, წითელათი დაინფიცირებული მოქალაქეების რიცხვმა იმატა, ამ დროისთვის დაფიქსირებულია 20-მდე შემთხვევა.
როგორც ბორჯომის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, ინფექციის გავრცელება იმ ფაქტმა განაპირობა, რომ წლების განმავლობაში გეგმიურად, კალენდრის მიხედვით არ ხდებოდა მოსახლეობის ვაქცინაცია, რაც გულისხმობს წითელას საწინააღმდეგო აცრებს 1 და 5 წლის ასაკში. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ამ ფაქტს მოსახლეობის პასიურობით ხსნის და ამბობს, რომ გაცდენილი, გეგმიური აცრა მშობლების უპასუხისმგებლობის მაგალითია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილებით ეპიდაფეთქების პერიოდში, 20 წლიდან ზევით ასაკობრივ ჯგუფებში, წითელას საწინააღმდეგო აცრა სავალდებულო გახდა. მოქალაქეები უფასო ვაქცინაციას აცრის სტატუსის მიუხედავად შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ წითელა მწვავე ვირუსული დაავადებაა, გადაეცემა ჰაეროვანი გზით ან ინფიცირებული ადამიანის ცხვირ-ხახის სეკრეტთან პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტაქტით და გამოირჩევა მაღალი გადამდებლობით. კლინიკურად წითელა ხასიათდება ცხელებით, გამონაყრით, ასევე ხველებით, რინიტით ან კონიუნქტივიტით და სერიოზულ გართულებებს იწვევს.

წითელას ტიპიური შემთხვევა იწყება მწვავედ - ტემპერატურის მომატებით, რომელსაც თან ახლავს - ხველა, რინიტი, კონიუნქტივიტი. სიმპტომების დაწყებიდან დაახლოებით 2-3 დღის შემდეგ პირის ღრუში შეიძლება გაჩნდეს წვრილი, თეთრი გამონაყარი , 5-6 დღის შემდეგ კი ავადმყოფის სხეულზე ჩნდება ვარდისფერი გამონაყარი. თავდაპირველად გამონაყარი ჩნდება სახეზე (შუბლზე), რომელიც შემდეგ ვრცელდება მთელ სხეულზე, ზემოდან ქვევით (კისერი, ტანი, ხელები, ფეხები, ტერფები). რამოდენიმე დღეში ტემპერატურა იწევს ქვემოთ, იწყება გამონაყრის პიგმენტაცია, რომელიც თანდათან ქრება.

ვაქცინაცია წითელას პრევენციის (თავიდან აცილების) ერთადერთი ეფექტური საშუალებაა. წითელა მიეკუთვნება ვაქცინით მართვად დაავადებათა რიცხვს. პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის მიხედვით, წითელას საწინააღმდეგო აცრები ტარდება 1 წლის და 5 წლის ასაკში, ან, არაგეგმიურად, ნებისმიერ სხვა დროს. გადაამოწმეთ თქვენი ვაქცინაციის სტატუსი, თუ არ ხართ დარწმუნებული, ან არ ხართ აცრილი წითელას საწინააღმდეგო ვაქცინით - მიმართეთ თქვენი ოჯახის ექიმს და ჩაიტარეთ აცრა წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინით.

წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხოა. დღეისათვის ვაქცინა გამოიყენება მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში. მრავალწლიანი კვლევებითა და გამოცდილებით დადასტურდა ვაქცინის უსაფრთხოება და მაღალი ეფექტურობა. საქართველოში სახელმწიფოს მიერ ხდება მხოლოდ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული მაღალი ხარისხის ვაქცინების შეძენა.

წყარო: ტელეკომპანია ,,ბორჯომი"
| Print |