ჯანდაცვა
აცრის დამადასტურებელი ცნობა სტუდენტებმა 31 მარტამდე უნდა წარადგინონ
თაკო თუმანიშვილი სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სასწავლო პროცესი ერთი კვირით, 25 თებერვლამდე გადადო,

წითელას აცრის დამადასტურებელი ცნობის მიტანა მაინც ვერ შეძლო. ამბობს, რომ ახალციხეში ძველი პოლიკლინიკის დანგრევისა და ახლის აშენების გამო, მისი მონაცემები მოქალაქეთა დოკუმენტაციასთან ერთად დაიკარგა.

"როგორც გავიგე, პოლიკლინიკის დახურვის დროს, არქივი მაკულატურაში ჩააბარეს, ჩემი აცრების შესახებ ინფორმაცია აღარ არსებობს მიუხედავად იმისა, რომ აცრილი ვარ. ახლა წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა ვქნა. ალბათ ხელახლა უნდა ავიცრა, სხვანაირად ცნობას არ მომცემენ. იყო საუბარი, რომ სტუდენტის სტატუსის შეჩერება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ცნობას არ მიიტან. ეს აბსურდია", -
ამბობს სტუდენტი.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ წითელას აცრის დამადასტურებელი ცნობის მიტანა სტუდენტებს მას შემდეგ დაავალა, რაც დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა 19 წლის ზევით მოქალაქეებისგან ხელმეორე აცრა მოითხოვა. იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა ანი კაველიძემ ცნობა უკვე მიიტანა, მაგრამ ამბობს, რომ არ სმენია ახალციხეში წითელათი ვინმე დაავადებულიყოს.

"თავის დროზე ვიყავი აცრილი, საბუთები მოწესრიგებული მქონდა და უნივერსიტეტში ცნობა მივიტანე 18 თებერვალს. ჩემთვის პრობლემა არ შეუქმნია ამ საკითხს მაგრამ ვიცი, რომ უმრავლესობამ ჯერ ვერ შეძლო მიტანა. ალბათ, მოსწავლეებში უფრო გავრცელებულია დაავადება და ამიტომ არის ცნობის მოთხოვნა მათზე“, - ამბობს ანი. 

უნივერსიტეტმა სასწავლო პროცესი 18-დან 25 თებერვლამდე გადადო. მიუხედავად ამისა, სტუდენტთა უმრავლესობამ ცნობის მიტანა მაინც ვერ შეძლო, რის გამოც ადმინისტრაციამ სასწავლო პროცესი განაახლა, მაგრამ ცნობის მიტანის ბოლო ვადად 31 მარტი დაასახელა. უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე განმარტავს, რომ ამ ნაბიჯით სასწავლო დაწესებულება ხელს შეუწყობს დაავადების გავრცელების თავიდან აცილებას. 

"სტუდენტებს ვთხოვ, წარმოადგინონ ცნობა სრული ან არასრული ვაქცინაციის შესახებ, რათა ჩვენ შევატყობინოთ შესაბამის დაწესებულებებს და ვუზრუნველყოთ მათი სრული აცრა", - აცხადებს მაკა ბერიძე.



ახალციხეში მცხოვრებლებს პოლიკლინიკის განახლებული შენობის გამო აცრის ხელახლა ჩატარება რვა წლის ასაკიდან მოუწევთ. აცრის დამადასტურებელი ცნობის წარდგენა უნივერსიტეტის გარდა, ბაღებისა და სკოლების ბავშვებთან ერთად თანამშრომლებსაც ევალებათ. ახალციხეში მოქმედ კლინიკებში – „იმედსა“ და რეფერალურ საავამდყოფოში - მხოლოდ ნულიდან შვიდ წლამდე ბავშვების ანკეტების მოძიებაა შესაძლებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალციხის პოლიკლინიკაში ჩატარებული აცრების შესახებ ცნობების მოძიება ყველა პირზე ვერ იქნება შესაძლებელი, რის გამოც რვა წლის ზემოთ მყოფ ახალციხელებს, აცრის ხელახლა ჩატარება მოუწევთ.

,,აცრილები ყველა მყავს. სიკვდილიანობა მომატებულია და ამიტომ აუცილებელია“.

,,აუცრელი ბავშვები ადვილად ავადდებიან და ამიტომ განმეორებითი აცრებიც, როგორც მედიცინის მამები ამბობენ, უკეთესია“.

,,ამდენი ვირუსია, აუცილებელია აცრა“.

,,ორი ბავშვი მყავს და ორივეს ასაკის მიხედვით რა აცრაც უწევთ, იმის მიხედვით ვცრი“, -
ამბობენ ახალციხეში.

სამცხე-ჯავახეთში წითელას შემთხვევები დაფიქსირდა, თუმცა მონაცემები საგანგაშო არ არის. ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტში დაავადება მხოლოდ ერთ მამაკაცს ჰქონდა და ისიც 2018 წლის დეკემბერში. ფატი ხაბულიანის თქმით, მიზეზი ვაქცინაციის კამპანიაა, რომელიც ახალციხეში ჩატარდა.
| Print |