ჯანდაცვა
როგორ გავარკვიო რომ კიბო არ მაქვს?
ონკოლოგიური დაავადებები ძველი დროიდან ცნობილია და ამ ტიპის დაავადებათა რიცხვი, როგორც ჩანს, ცხოვრების საშუალო ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად იმატებდა. თუმცა ნამდვილი აფეთქება ანტიბიოტიკების გამოგონებას უკავშირდება, რამაც საგრძნობლად გაახანგრძლივა ადამიანების სიცოცხლე და გააჩინა მათთვის შესაძლებლობა, ეცხოვრათ ონკოლოგიური დაავადებების გაჩენამდე იმ რაოდენობით, რასაც დღეს ვხედავთ. შედეგად, ონკოლოგიური დაავადებების ცალკე აღრიცხვა დაიწყეს. დაახლოებით, 1950-იანი წლებიდან კაცობრიობა ბევრად ინფორმირებულია იმის შესახებ, თუ რა დაავადებაა ეს და როგორია მისგან გარდაცვალების დინამიკა.

რატომ უწოდებენ ამ დაავადებას კიბოს?

თავდაპირველად დაავადებას სახელი ჰიპოკრატემ დაარქვა, როდესაც სარძევე ჯირკვლის სიმსივნე აღმოაჩინა და მას karkinos-ი უწოდა, რომელიც მოდის სიტყვიდან „კიბორჩხალა“. არავინ იცის, რატომ ჰგავდა სიმსივნური წარმონაქმნი კიბორჩხალას, თუმცა ტერმინი მის ნაშრომებში შევიდა. მოგვიანებით რომაელმა ექიმმა ცელსმა ჰიპოკრატეს ნაშრომების თარგმნისას ბერძნული „კიბორჩხალა“ შეცდომით თარგმნა, როგორც ლათინური „კიბო“ (cancer). ეს სიტყვა შევიდა ყველა ევროპულ ენაში და შემდეგ ქართულშიც.


კიბოს სტადიები რით განსხვავდება ერთმანეთისგან?

ონკოლოგიური დაავადების სტადიები - ისტორიული ტერმინია. სინამდვილეში, ის სტადიებად არ ვითარდება: დაავადების ზოგიერთ სახეობას შეიძლება არანაირი ადრეული სტადია არ ჰქონდეს, სხვები - ვერასდროს აღწევენ მეოთხე სტადიას, ხოლო ზოგიერთი პირველიდან პირდაპირ მეოთხეზე „ხტება“. ბოლო დრომდე კიბოს სტადიების მხოლოდ ანატომიური კლასიფიკაცია იყო მიღებული, რომელსაც თუ ძალიან გავამარტივებთ ასე გამოიყურება:

პირველი სტადია - მცირე ზომის სიმსივნე კონკრეტული ორგანოს ფარგლებში და არანაირი მეტასტაზები ადგილობრივ ლიმფოკვაძებში, არც ცალკეული მეტასტაზები;

მეორე სტადია - საშუალო ზომის სიმსივნე ორგანოს ფარგლებში, მეტასტაზებია ადგილობრივ ლიმფოკვანძებში, ცალკეული მეტასტაზები არ არის;

მესამე სტადია - დიდი სიმსივნური წარმონაქმნი ორგანოს ფარგლებში, მეტასტაზები არის მრავალ ლიმფოკვანძში;

მეოთხე სტადია - სიმსივნე გასულია ორგანოს ფარგლებიდან და არის ცალკეული მეტასტაზები (ამასთან, ლიმფოკვანძების სტატუსი უკვე მნიშვნელოვანი აღარ არის).

თუმცა სტადიის ბოლო კლასიფიკაციაში გათვალისწინებულია არა მხოლოდ ანატომია, არამედ სიმსივნის პირდაპირი ბიოლოგიური თვისებები - მისი აგრესიულობა.

სამეცნიერო მიღწევების წყალობით, ზოგიერთ შემთხვევაში რემისია გარკვეული ონკოლოგიური დაავადების მეტასტაზური ფორმის დროსაც შესაძლებელია. ეს დამოკიდებულია პრეპარატული თერაპიის მახასიათებლების სირთულესა და თანამედროვე შესაძლებლობებზე. მაგალითად, შესაძლებელია სათესლე პარკის კიბოს მეტასტაზური ფორმის (ეს იყო ონკოლოგების პირველი გამარჯვება) ან ფარისებრი ჯირკვლის მეტასტაზური ფორმის სრული რემისია. დღეს ხანგრძლივი რემისიის მიღწევა მეტასტაზური კიბოს ბევრი სახეობის შემთხვევაში შეიძლება, თუმცა ის ძველებურად არ არის ყველასთვის ხელმისაწვდომი.


კიბოს ყოველთვის ახლავს ძლიერი ტკივილები?

ეს საკითხი ყველაზე ხშირად აწუხებთ პაციენტებსაც და ჯანმრთელ ადამიანებსაც, რაც გასაგებია, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ ონკოლოგიური დაავადებების უმრავლესობას განვითარების საწყის ეტაპებზე არათუ ტკივილი, არამედ საერთოდ არანაირი განცდა არ ახლავს. თუმცა, თუ სიმსივნე ან მისი მეტასტაზები იზრდება, მას ტკივილის ქრონიკული სინდრომის განვითარება შეუძლია და ხშირად ასეც ხდება.


კიბოსგან განკურნებულმა რეციდივს თავი როგორ ავარიდო?

ეს პაციენტების და ექიმების ყველაზე გასაგები და სავარაუდოდ, ყველაზე ხშირი საზრუნავია. ამიტომ ექიმები ძალიან ფრთხილობენ ბევრი წამლის დანიშვნაზე, ისეთების, როგორებიცაა მაგალითად: ესტროგენები სარძევე ჯირკვლის კიბოს ან ენდომეტრიოზის დროს, იმუნოსუპრესიული პრეპარატები თითქმის ყველა ავთვისებიანი დაავადების შემთხვევაში.

არ არსებობს რაიმე რეცეპტი იმისა, რომ ადამიანმა თავი აარიდოს რეციდივებს ცხოვრების განსაკუთრებული წესის ან დიეტის დახმარებით. საქმე ის არის, რომ სიმსივნის რეციდივის ალბათობა დიდწილად ორ ფაქტორზეა დამოკიდებული: სიმსივნის მახასიათებლებსა და ჩატარებულ მკურნალობაზე, ეს კი - უკვე წარსულია.

წყარო: Meduza

 

| Print |