ჯანდაცვა
"დეკემბრიდან აპრილამდე ეს გრიპი იქნება, სწავლა არ უნდა იყოს?" – პაატა იმნაძე

 

სეზონური გრიპის ვირუსების გამო, ზამთრის არდადეგები არ გახანგრძლივდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში (NCDC) აცხადებენ, რომ არსებული სტატისტიკა ამის აუცილებლობას არ მოითხოვს.

ვიცი წამოვა ჩემს მიმართ „ფეისბუქში“ უარყოფითი კომენტარები, მაგრამ მაშინ სწავლა არ უნდა იყოს დეკემბრიდან აპრილამდე, იმიტომ რომ დეკემბრიდან აპრილამდე ეს გრიპი იქნება. განვითარებულ ქვეყნებში საერთოდ არ წყვეტენ ხოლმე სწავლას როდესაც არის ეპიდემიაც კი. არსებობს ბრიტანეთის მაგალითი, პანდემია რომ იყო მსოფლიოში და ბრიტანეთში ეპიდემია, არ შეუწყვეტიათ ეს სწავლა. ჩათვალეს, რომ ეს უარეს შედეგებს გამოიწვევდა. ეს უფრო ხშირად პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ტაქტიკაა, სწავლის შეწყვეტა, რატომღაც ხალხს გონია, რომ თუ სწავლა არ იქნება გრიპი არ იქნება“- ამბობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი პაატა იმნაძე.

კლინიკებში სეზონური ვირუსული ინფექციების გამო მიმართვიანობა ისევ მაღალია. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ ინდიკატორები, რომელთა მიხედვითაც საბჭო გადაწყვეტილებას იღებს, უნდა შეჩერდეს თუ არა სასწავლო პროცესი, მკვეთრად დაბალია. უწყების ინფორმაციით, მიმართვიანობა და ჰოსპიტალიზება, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბევრად ნაკლებია.

სპეციალისტების თქმით, გრიპის ეპიდემიის საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს. ამიტომ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა რეკომენდაცია გასცა, რომ სკოლებსა და ბაღებში სწავლა არ გადაიდოს.

წყარო: edu.aris.ge

 

| Print |