ჯანდაცვა
კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრში საქართველოს 5 მოქალაქე იმყოფება
ჩინეთში, ქალაქ უხანში სადაც კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრია ამ დროისთვის საქართველოს ხუთი მოქალაქე იმყოფება. ამის შესახებ ჩინეთში საქართველოს ელჩმა არჩილ კალანდიამ განაცხადა. მისი თქმით, ისინი თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. საქართველოს რამდენიმე მოქალაქემ კი უხანი დატოვა და სხვა რეგიონებში გადაინაცვლა.

კალანდიას ინფორმაციით, ინფიცირებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან და ისინი ჩინეთის მთავრობის რეკომენდაციებსა და მითითებებს ყურადღებით ასრულებენ.

ჩინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით პროვინციაში, სადაც 41 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს საავტომობილო გადაადგილება აიკრძალა. იქამდე კი ცნობილი გახდა, რომ ქალაქ უხანში კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებისთვის სპეციალური საავადმყოფო აშენდება.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ჩინეთის დიდი კედლის ძირითადი ნაწილი ტურისტებისათვის დაიხურება. ამასთანავე, პეკინში გაზაფხულის ფესტივალთან დაკავშირებული ყველა დაგეგმილი ღონისძიება გაუქმდა.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულია 26 ადამიანი, დაინფიცირებულთა რაოდენობამ კი - 830-ს მიაღწია. ხელისუფლება ვირუსის კიდევ უფრო სწრაფად გავრცელებას ელოდება. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყნის ოთხი ქალაქი გადაკეტეს. კორონავირუსის გამოვლინების შემთხვევები ასევე დადასტურდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჰონგ-კონგში, ტაივანში, ტაილანდში, იაპონიაში, ვიეტნამსა და სამხრეთ კორეაში.
| Print |