ჯანდაცვა
კორონავირუსის გავრცელების გამო, საქართველოს აეროპორტებში უცხოეთიდან შემოსულ მგზავრებს შეამოწმებენ
კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა იზრდება - ჩინეთის შემდეგ ვირუსი გერმანიაში, საფრანგეთში და ავსტრალიაშიც დაფიქსირდა. კორონავირუსის გავრცელების გამო, საქართველოს აეროპორტებში უცხოეთიდან შემოსულ მგზავრებს შეამოწმებენ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის გამო, დღეიდან ჩინეთიდან ჩამოსულ ყველა მგზავრს ტემპერატურას შეუმოწმებენ. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მგზავრებს ასევე ურიგდებათ ბროშურები, სადაც მითითებულია თუ რა სიმპტომების დროს უნდა მიმართონ საქართველოში შესაბამის დაწესებულებებს.

„გარკვეული სკრინინგი უტარდება ჩინეთიდან შემოსულ მგზავრებს, მათ ურიგდებათ სამ ენაზე სამახსოვრო, იმ შემთხვევაში თუ ჩინეთიდან ჩამოსვლიდან 2 კვირაში გარკვეული სიმპტომები - მაღალი ტემპერატურა, სუნთქვის უკმარისობა, თავისა და ყელის ტკივილი ექნებათ, ვის უნდა მიმართონ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან,უკვე ცნობილია, რომ გამოიყო ძირითადად რამდენიმე საავადმყოფო, სადაც ამ ტიპის ადამიანები უნდა მოთავსდნენ, თუ ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, ეს არის: თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფო, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოები.

"ეს არ არის ჩვეულებრივი ტიპის ვირუსი, ეს არის ახალი ვირუსი, რომელიც შესწავლილი არ არის, არ არის ასევე შესწავლილი მისი მკურნალობის გზები, ახლა იწყება ვირუსის შესწავლა " - განაცხადა ტვ პირველის ეთერში ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში სერგო ჩიხლაძემ.

,,ახალი ვირუსი მუტაციის შედეგად ცხოველიდან ადამიანზე გადავიდა. ამიტომ, მნიშვნელოვანია ადრეული პრევენცია და მოსახლეობის სწორად ინფორმირება. ხელისუფლების განცხადებებმა პანიკა არ უნდა გამოიწვიოს, მაგრამ სათანადო ზომები მაქსიმალურად უნდა იყოს მიღებული. ვიმეორებ, პანიკა არ უნდა დაითესოს, თუმცა ვითარების გაუფერულება და იმის თქმა, რომ უმნიშვნელოა და სარისკო ქვეყნების ჯგუფში არ ვართ, არ შეიძლება. ვირუსის შესწავლა ახლა იწყება. მაშინ როცა ერთ დღეში გარდაცვლილთა რაოდენობა გაორმაგდა და უკვე 40-ს გადააჭარბა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყოველდღე იკრიბება და მსჯელობს იმაზე, გამოაცხადოს თუ არა საგანგებო მდგომარეობა" - აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.

წამყვანი ამერიკელი ჯანმრთელობის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კორონავირუსს შეუძლია 65 მილიონი ადამიანი მოკლას 1 წლის განმავლობაში. ამის შესახებ ვირუსის ფართომასშტაბებით გავრცელებამდე ჯონ ჰოპკინსის ჯანმრთელობის უსაფრთხოების ცენტრის მეცნიერებმა განაცხადეს. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს DAILYMAIL-ი.

აღნიშნულ დრომდე ძლიერად გადამდები ვირუსის მძვინვარების შედეგად ჩინეთში ოფიციალურად გარდაიცვალა 41 ადამიანი, ხოლო 1200 კი ინფიცირებულად ითვლება, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ხელისუფლება დაავადებულთა რაოდენობას მალავს, რომელთა რიცხვი ათიათასებს სცდება.
| Print |