ჯანდაცვა
მკვლევარებმა შექმნეს რუკა, რომელიც ახალი კორონავირუსის გავრცელებას რეალურ დროში გვიჩვენებს
ჩინეთის ქალაქ უხანიდან წამოსული ახალი კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა უკვე 107 ადამიანს მიაღწია, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 4474 პირს.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შექმნეს რუკა, რომელიც ვირუსის გავრცელების შესახებ მონაცემებს აღრიცხავს და ვიზუალურად, რეალურ დროში გვთავაზობს. ამისათვის რუკა იყენებს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, ჩინეთის ჯანდაცვის კომისიისა და სხვა წყაროების მონაცემებს, ისევე როგორც გეოგრაფიული საონფორმაციო სისტემის კარტირებას.

მეცნიერთა აზრით, ახალი კორონავირუსი ადამიანებში ღამურებისგან გავრცელდა. ეპიდემიის ეპიცენტრის და ახლა კარანტინში მყოფი ქალაქის — უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერთა მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი ადასტურებს, რომ სწრაფად გავრცელებადი ვირუსი იმავე ოჯახებში დაფიქსირდა, რომლებშიც 2003 წელს მწვავე რესპირატორული სინდრომი; ამ ვირუსმა მაშინ თითქმის 800 ადამიანი იმსხვერპლა.

ახალი მონაცემების გამოქვეყნებისთანავე, რუკა დაუყოვნებლივ აახლებს ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა ოდენობას, გარდაცვლილთა და გამოჯანმრთელებულთა რიცხვს. წითელი წერტილებით აღნიშნულია გავრცელების ზონები; წერტილის ზომა შეესაბამება გავრცელების შედარებით ზომას. დაკლიკების შემთხვევაში, ნახავთ ინფორმაციას რეგიონის შესახებ.

გავრცელებას ხშირად თან ახლავს პანიკა და დაბნეულობა, ყალბი ინფორმაცია კი ყველაზე სწრაფად ვრცელდება. დაბნეულობას კიდევ უფრო ამძაფრებს ისიც, რომ როგორც ჩანს, ჩინეთმა დაავადების პირველად გამოჩენისას მის შესახებ ინფორმაცია დამალა.

ჩინეთში დაკავებულია სულ მცირე რვა ადამიანი, რომლებსაც ბრალად ედებათ კორონავირუსის შესახებ ინტერნეტში არასწორი, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გამოქვეყნება ან გავრცელება.

რუკის ერთი გრაფიკი ძალიან თვალნათლივ გვიჩვენებს, რამდენად სწრაფად გავრცელდა ვირუსი ჩინეთში დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით.

ვირუსის გავრცელების შემთხვევები უკვე დაფიქსირდა მსოფლიოს 13 ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, ავსტრალიაში, საფრანგეთსა და იაპონიაში.

ექსპერტთა აზრით, ინფიცირებულ ადამიანთა რეალური რაოდენობა იმაზე გაცილებით დიდია, ვიდრე ამას ოფიციალური მონაცემები მეტყველებს.

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა აზრით, ახალი კორონავირუსი გაცილებით სუსტი იქნება, ვიდრე 2003 წელს გავრცელებული მწვავე რესპირატორული სინდრომი (SARS). ამჟამად კარანტინია მთლიანად უხანში, სამოგზაურო შეზღუდვებია შემოღებული ხუბეის პროვინციის კიდევ 12 ქალაქში, რის გამოც იზოლაციის ქვეშ 33 მილიონი ადამიანი მოექცა.
| Print |