ჯანდაცვა
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა ჩინეთის მოქალაქეებს რეკომენდაციები გააცნო
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებმა ახალციხეში მცხოვრებ ჩინეთის მოქალაქეებს შემუშავებული რეკომენდაციები გააცნეს და გამოიკვლიეს, ბოლოდ როდის იმყოფებოდნენ სამშობლოში ან ხომ არ ეწვიათ ვინმე.

თემურ ზაქროშვილი და თამარ ივანიძე ქალაქში არსებულ ოთხივე მაღაზიას ესტუმრნენ და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ცხელ ხაზზე დაკავშირება სთხოვეს.

მაღაზიის მეპატრონეებმა მეი წუიმ და ჩინგ ჩეინმა აღნიშნეს, რომ ჩინეთში თითქმის ერთი წელია არ ყოფილან და არც მათთან ჩამოსულა სტუმარი.

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჩინეთთან ფრენების აკრძალვის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ უხანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება. მისივე თქმით, დღეს, დღის მეორე ნახევარში გაიმართება შეხვედრა, სადაც მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ რა გზით მოხდება ამ მოქალაქეების ევაკუაცია.

დღესვე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩინეთიდან პირდაპირი ფრენები დროებით შეწყდება. მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ საქართველო მიჩნეულია ნაკლები საფრთხის მატარებელ ზონად, ამ გადაწყვეტილების მიღება აუცილებელია, რათა მშვიდად ვიყოთ.

ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა.

აკრძალვა ძალაშია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIE) მიერ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კორონავირუსიდან თავისუფალ ზონად გამოცხადებამდე.

გადაწყვეტილების საფუძველი გახდა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის და სატყეო სამინისტროს ბაზრის ზედამხედველობის მთავარი სამმართველოს მიერ, 2020 წლის 26 იანვრის ბრძანება, რომელიც ცოცხალი ცხოველების (გარეული) ნებისმიერი სახით ვაჭრობის აკრძალვას უკავშირდება.

ახალი ვირუსი, რომელიც კორონავირუსის სახელით არის ცნობილი, პირველად ჩინეთის ქალაქ ვუჰანში, დეკემბრის ბოლოს დაფიქსირდა.

ჩინეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ახალი ტიპის კორონავირუსის ინკუბაციის პერიოდი, შესაძლოა, ერთიდან 14 დღემდე მერყეობდეს. ვირუსი გადამდებია ინკუბაციის პერიოდშიც.

| Print |