ჯანდაცვა
მეცნიერები კორონავირუსის პიკს თებერვლის მეორე ნახევრიდან ელიან

 

ინგლისელი სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ კორონავირუსი პიკს თებერვლის მეორე ნახევრიდან მიაღწევს. „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ამ დასკვნამდე ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული დაავადებების კვლევების სკოლის მეცნიერები მივიდნენ. 

გამოცემის ინფორმაციით, დაავადების კულმინაციის ზუსტი დროის დაფიქსირება ძნელია, რადგან ვირუსთან დაკავშირებული ვითარება საკმაოდ განუსაზღვრელია. კვლევაში აღნიშნულია, რომ ახალი კორონავირუსით სავარაუდოდ, უხანის ყოველი მეოცე მცხოვრებია დაავადებული. 

„შესაძლოა, ვივარაუდოთ, რომ პიკის დროს, უხანში, მოსახლეობის კიდევ 5 % დაინფიცირდება, რაც, დაახლოებით, 500 ათასი ადამიანია“, - განაცხადეს სპეციალისტებმა.

ჩინეთში კი ახალი კორონავირუსით ბოლო ერთ დღეში, კიდევ 97 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 908-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში, ამ დრომდე ვირუსით დაინფიცირების 40,171 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.

 

| Print |
თეგები: კორონავირუსი /