ჯანდაცვა
სოციალური მომსახურების სააგენტოდან თანამშრომლები გაათავისუფლეს
სოციალური მომსახურების სააგენტოში საკადრო ცვლილებებია. რეორგანიზაცია ჯერ არ დასრულებულა, თუმცა ამ ეტაპზე სამცხე-ჯავახეთიდან ექვსი თანამშრომელი გაათავისუფლეს.

ცვლილებები პირველ თებერვალს დაიწყო. სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების და ბავშვთა ზრუნვის სამსახური გამოეყო და ტრეფიკინგის სამსახურთან ერთად, სხვა სააგენტოდ ჩამოყალიბდა.

ცვლილებების შედეგად, სამცხე-ჯავახეთში ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს დასაქმების სამსახურის ორ თანამშრომელს, სამ სოციალურ მუშაკს - ორს ახალციხეში და ერთს ნინოწმინდაში. სამსახურიდან წასვლა მოუწია რეგიონის სამსახურის უფროსის მოადგილეს.

"რეორგანიზაცია როცა დასრულდება მერე გამოჩნდება ვინ დარჩება და ვის შეამცირებენ. ამ ეტაპზე, ექვსი თანამშრომელი არ აიყვანეს. ჩემი მოადგილე იყო საბჭოს თავმჯდომარე, წესით უნდა გაჰყოლოდა ტრეფიკინგის სამსახურს, მაგრამ ხელშეკრულება არ მოუვიდა. ორივე სამსახური ამბობს, რომ ვაკანსიებს გამოაცხადებს და ამ ადამიანებს შეეძლებათ შეიტანონ განაცხადი", - გვითხრა სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ბიუროს უფროსმა დავით გოგალაძემ.

ამ ეტაპზე, ადიგენის, ასპინძის და ახალციხის მუნიციპალიტეტებში ორ-ორი სოციალური მუშაკი რჩება, ახალქალაქში, ბორჯომსა და ნინოწმინდაში კი - თითო-თითო. კიდევ ვის მოუწევს სამსახურიდან წასვლა, რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ გაირკვევა. 

შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ, 25 მარტს სოციალურმა მუშაკებმა ქვეყნის მასშტაბით, გაფიცვა გამოაცხადეს. ისინი კადრების დამატებას, ხელფასის 30%-იან გაზრდას, ყველა ცენტრისთვის ტრანსპორტის და ფსიქოლოგის გამოყოფას ითხოვდნენ. მას შემდეგ სოციალური მომსახურების სააგენტომ სოცმუშაკები დაამატა, ახლა კი შეამცირა.

ამავე თემაზე წაიკითხეთ:
| Print |