ჯანდაცვა
ახალციხეში პირბადეეების დეფიციტია

 

ახალციხის აფთიაქებში პირბადეები აღარ იყიდება. „მეცხრე არხის“ ჟურნალისტმა ქალაქში სამი კომპანიის ოთხი აფთიაქიდან, პირბადის ყიდვა მხოლოდ ერთგან შეძლო.
მისი შეძენა „ავერსის“ ორივე ფილიალში ვცადეთ, თუმცა არც ერთგან არ დაგვხვდა. ერთ-ერთში უკანასკნელი პირბადე ჩვენს წინ მდგომმა მამაკაცმა შეიძინა, ჩვენ კი გვითხრეს, რომ პირბადე აღარ აქვთ.

„დილით მივიღეთ მედიკამენტები, თუმცა პირბადე არ ჩამოვიდა. მყიდველები ხშირად მოდიან და ვეუბნებით, რომ არ გვაქვს“, - გვითხრა ფარმაცევტმა.

პირბადე არც „ფარმადეპოში“ იყიდება. აფთიაქის თანამშრომლებმა არ იციან, როდის შეივსება მათთან მარაგი. ფარმაცევტის თქმით, ბოლო რამდენიმე დღეა პირბადეებზე მოთხოვნა გაიზარდა.

რამდენიმე პირბადე დაგვხვდა „psp“-ს ერთ-ერთ ფილიალში. აქაც დაგვიდასტურეს, რომ მარაგი იწურება, მოთხოვნა კი მაღალია.

„პირბადეების დეფიციტი მსოფლიო მასშტაბითაა, ვმუშაობთ, რომ მომწოდებლებმა ის შესაბამისი ღირებულებით შემოიტანონ“, - ეს განცხადება დღეს, 26 თებერვალს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გააკეთა. მისი თქმით, დეფიციტი მსოფლიოში შეიქმნა და საქართველო გამონაკლისი ვერ იქნებოდა.

 

| Print |