ჯანდაცვა
ინფიცირებულ ტურისტებთან კონტაქტში მყოფი 30 პირი იზოლირებულია, მათგან 3-ს გამოხატული სიმპტომები აქვს - ჯანდაცვის მინისტრი
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სამთო კურორტების ადრე დახურვის მიზეზს განმარტავს და აცხადებს, რომ მიზეზი ჩეხი მოქალაქეა, რომელსაც გუდაურში ყოფნისას კორონავირუსის ნიშნები ჰქონდა, ჩეხეთში დაბრუნების შემდეგ კი კორონავირუსი დაუდასტურდა.

„ჩეხი მოქალაქე, რომელიც იმყოფებოდა საქართველოში, 8 მარტს როგორც თვითონ სატელეფონო საუბრისას ყვება, გამოუვლინდა სიმპტომები, ის გაემგზავრა ჩეხეთში და მისი დიაგნოსტირება ჩეხეთში მოხდა. მას კონტაქტი ჰქონდა ჩვენს საელჩოსთან და იმ სასტუმროებთან,სადაც იმყოფებოდა და დაადასტურა, რომ აქვს კორონავირუსი. ეს გახდა ბიძგი, რომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და სამთო კურორტებზე ვაწესებთ შეზღუდვებს. მინდა მადლობა გადავუხადო ჩეხეთის მოქალაქეს, რომ არ დამალა და სრულიად აღწერა მარშრუტი, სადაც სიმპტომების გამოვლენის შემდეგ იმყოფებოდა“, - აღნიშნა მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ. მისი განცხადებით, ინფიცირებულ ტურისტებთან კონტაქტში მყოფი 30 პირი იზოლირებულია, მათგან 3-ს კი გამოხატული სიმპტომები აქვს. როგორც ტიკარაძემ განაცხადა, მიმდინარეობს დამატებითი კონტაქტების შესწავლა.

"ამ ეტაპისთვის იზოლირებულია 30 პიროვნება და მიმდინარეობს დამატებითი კონტაქტების შესწავლა, რათა მოხდეს სიმპტომების გამოვლენამდე ყველა ამ ადამიანის იზოლაციაში მოთავსება. მინდა, გავაფრთხილო და დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები - თუ ისინი ამ პერიოდში იმყოფებდნენ გუდაურში, ეს ჯერ არ ნიშნავს იმას, რომ მათ აუცილებლად შეიძლება ჰქონდეთ კორონავირუსი, ვინაიდან კორონავირუსი გადაეცემა ადამიანს, როდესაც მას აქვს 15 წუთზე მეტი ინტენსიური კონტაქტი და მათი დაშორება პიროვნებასთან არის 1 მეტრზე უფრო ნაკლები. თუ ეს შეზღუდვა დაცულია და ამ დროის მანძილზე არ მომხდარა ხანგრძლივობით კონტაქტი, მაშინ ეს ადამიანები რისკჯგუფში უკვე აღარ არიან. 30 პიროვნება არის იდენტიფიცირებული და კვლევა გრძელდება. ეს რიცხვი ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული. ამ 30-დან 3 ადამიანს აქვს გამოხატული სიმპტომატიკა", - განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახენებთ, დღეს გავრცელებული ინფორმაციით, გუდაურში მყოფ ჩეხეთისა და სლოვაკეთის მოქალაქეებს კორონავირუსი აღმოაჩნდათ, რის გამოც ის ობიექტები, რომლებშიც ისინი იმყოფებოდნენ, დაიხურა, პერსონალი კი თვითიზოლაციაში გადავიდა. არსებული ინფორმაციით, მათ კორონავირუსი საქართველოს დატოვების შემდეგ, თავიანთ ქვეყანაში აღმოაჩნდათ.
| Print |