ჯანდაცვა
კორონავირუსზე სუსტი დადებითი პასუხის მქონე პაციენტები რეაბილიტაციას აბასთუმანში გაივლიან

 

გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ პაციენტები, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში უწევთ სტაციონარში ყოფნა, შეძლებენ საკურორტო ზონაში გაიარონ დამატებითი რეაბილიტაცია, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, საკურორტო ზონა იქნება აბასთუმნის ფილტვის ცენტრი, რომელიც პირველივე დღიდან არის მობილიზებული, როგორც საკარანტინე ზონა და მას შემდეგ აქვს ცხელების კლინიკის სტატუსი.

„ეს იყო ყველაზე საინტერესო შემთხვევები, რომლებიც კლინიკურ ჯგუფთან ერთად განვიხილეთ. ვთვლით, რომ არის ძალიან სწორი და კარგი რეკომენდაცია. გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ასეთი პაციენტები შეძლებენ, საკურორტო ზონაში გაიარონ დამატებითი რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს საკურორტო ზონა იქნება აბასთუმნის კლინიკა, რომელიც პირველივე დღიდან არის მობილიზებული, როგორც საკარანტინო ზონა და შემდეგ უკვე ჰქონდა ცხელების კლინიკის სტატუსიც. გარდა ამისა, გარემო პირობებიდან გამომდინარე, კოლეგებთან შეთანხმებით, გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და ეფექტური იქნებოდა პაციენტების გამოჯანმრთელებისთვის მათი იქ განთავსება. შემდეგ დღეებში უკვე ველოდებით პაციენტების სახელობით სიას, რომელთა მკურნალობა გახანგრძლივდა 14 დღეზე მეტი, მათ არ აღენიშნებათ არანაირი კლინიკური სიმპტომატიკა, მათი პასუხი არის სუსტი დადებითი და საჭიროებენ მხოლოდ ექიმების მეთვალყურეობას. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით ვირუსის ქცევა, გავრცელება და გადადების კოეფიციენტი, გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ პაციენტის სასარგებლოდ, უსაფრთხოების გამო, ეს პაციენტები გადავიყვანოთ აბასთუმნის სარეაბილიტაციო ცენტრში და იქ განაგრძონ შემდეგი მეთვალყურეობა“, – განაცხადა მინისტრმა.

კითხვაზე, თუ იგეგმება სხვა ცენტრებშიც პაციენტების გაგზავნა, ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, ამ ეტაპისთვის ელოდება, თუ რამდენია ასეთ პაციენტი და ამის მიხედვით მოიძიებენ სხვადასხვა ობიექტს.

„აბასთუმნის ცენტრი 100 საწოლზეა გათვლილი, ის ამ ეტაპზე სრულად დაფარავს იმ საჭიროებას, რომელიც კლინიკებს აქვთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

კითხვაზე - არის თუ არა რომელიმე ქვეყნის გამოცდილებაზე დაფუძნებული მკურნალობის ეს მეთოდი, მინისტრმა აღნიშნა, რომ მსგავსი პრაქტიკა ჯერ არც ერთ ქვეყანას აქვს. 

„ჩვენს პრაქტიკას გავაზიარებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ქვეყანა ჩვენს გადაწყვეტილებას მოიწონებს. ჩვენ ქვეყანში ყველა შემოსული მოქლაქე საკარანტინო ზონებში განვათავსეთ და ამით მნიშვნელოვნად შევზღუდეთ ქვეყანაში ვირუსის გავრცელება. სწორედ ასევე, ვთვლით, რომ ეს იქნება გარკვეულად ახალი სახის ინიციატივა, ამას გავუზიარებთ უცხოელ კოლეგებს, მათგან პასუხსა და რეაგირებას დაველოდებით. სავარაუდოდ, ეს იქნება საქართველოს ტრენდი, რომელიც შემდეგ სხვა ქვეყნებშიც დაინერგება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

| Print |