ჯანდაცვა
ავღანეთში 28 ქართველ სამხედროს კორონავირუსი დაუდგინდა
საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“, ავღანეთში როტაციით მყოფი კონტინგენტიდან 28 სამხედრო მოსამსახურეს ტესტირებისას კოვიდვირუსი დაუდასტურდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისინი სპეციალური რეისით, გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით, როტაციით გათვალისწინებულ ვადამდე რამდენიმე კვირით ადრე, საქართველოში ჩამოიყვანეს. მათ თან ახლდათ ექიმები და სხვა სამედიცინო პერსონალი ბუნდესვერის სხვადასხვა დანაყოფებიდან.

"სამხედროების სამედიცინო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება სიმპტომატიკას, ის გართულებებისა და ჩივილების გარეშე მიმდინარეობს. ხოლო ინფიცირების წყარო, უკავშირდება ადგილობრივ ავღანელ პერსონალს. საქართველოში ჩამოფრენამდე, სამხედრო მოსამსახურეები მოთავსებულები იყვნენ სპეციალურ საიზოლაციო სივრცეებში და შესაბამისად, მისიაში მყოფ სხვა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ვირუსით დაინფიცირების საფრთხე არ ემუქრებათ",
განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.

სამხედრო მოსამსახურეები შესაბამის სამედიცინო მომსახურებას და მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გააგრძელებენ. რაც შეეხება დანარჩენ სამხედრო მოსამსახურეებს, ისინი ქვეყანაში დაბრუნების შემდგომ, პრევენციის მიზნით, დადგენილი წესის შესაბამის 2 კვირიან კარანტინს გაივლიან.
| Print |