ჯანდაცვა
რვა წლის ახალციხელი ბავშვი აპარატული სუნთქვიდან მოხსნეს
ახალციხელი მოზარდი, რომელსაც ექვს სექტემბერს მოტოციკლი დაეჯახა, გონზე მოვიდა. რვა წლის ბიჭი კონტაქტურია, იაშვილის კლინიკაში გვითხრეს, რომ ის ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან დღეს, 13 სექტემბერს მოხსნეს. ბავშვს ორი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. დაშავებულს ნეიროქირურგიული მკურნალობაც სჭირდება. თუმცა ამ ოპერაციისთვის, მკურნალი ექიმების თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაა საჭირო.

„უკეთესობაა, რომ აპარატული სუნთქვიდან მოხსნეს და მდგომარეობა სტაბილურია. ყბა-სახისა და მენჯ-ბარძაყის ოპერაციები ჩაუტარდა, ნეიროქირურგიული ოპერაცია ჯერ არ დაგეგმილა“, - გვითხრეს სამედიცინო დაწესებულების საზოგადოებასთან ურთიერთბის სამსახურში.

ჯერ კიდევ დღეს დილით კლინიკაში ამბობდნენ, რომ ბავშვის მდგომარეობა უცვლელი იყო, მოგვიანებით კი მოზარდს ხელოვნური სუნთქვის აპარატის დახმარება აღარ დასჭირდა.

რვა წლის ბავშვს ახალციხეში მოტოციკლი ექვს სექტემბერს დაეჯახა. დაშავებული ჯერ რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს, შემდეგ კი თავისა და ქვედა კიდურების დაზიანებებით, კატასტროფის ჯგუფმა თბილისში გადაიყვანა.

შსს-მ მომხდარზე ძიება სსკ-ის 276–ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
| Print |