ჯანდაცვა
იმ ვერაგმა ჰოსპიტლის ინფექციამ დაამარცხა, რომელსაც ვერ მოერია საქართველოს ჯანდაცვა - გარდაცვლილი ექიმის მეუღლე
,,ერთი თვის უშედეგო ბრძოლის შემდეგ მაინც გმირულად დაეცა თამაზიც. სამშობლოსათვის ბრძოლას შეწირა თავი... სრულიად ჯანმრთელი იყო, მაგრამ იმ ვერაგმა ჰოსპიტალის ინფექციამ დაამარცხა, რომელსაც ვერ მოერია საქართველოს ჯანდაცვა“ - დღეს ეს საჯარო პოსტი, სასწრაფო დახმარების სამცხე-ჯავახეთის უფროსის მეუღლემ დაწერა. თავადაც მედიკოსმა გულო კაჭკაჭიშვილმა კოვიდ19-ის გამო ოთხი დღის წინ დედაც დაკარგა.

,,20 დღიანი ბრძოლის და ტანჯვის შემდეგ გარდაიცვალა ჩემი ამაგდარი და საყვარელი დედა ..რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას შეალია....ბოლოს მაინც ბრძოლის ველზე დაეცა გმირულად. მისი ჯანმრთელობა უძლური აღმოჩნდა გამკლავებოდა უხილავ მტერს“
- წერდა 14 ნოემბერს გულო კაჭკაჭიშვილი.

ადიგენის სოფელ არალში კორონავირუსით გარდაცვლილი ქალი 16 ნოემბერს დაკრძალეს. 18 ნოემბერს, კი, სასწრაფო დახმარების სამცხე-ჯავახეთის უფროსი გარდაიცვალა. თამაზ კაჭკაჭიშვილს კორონავირუსი სამი კვირის წინ დაუდასტურდა. ამ ხნის განმავლობაში ის თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. ინფორმაცია კოლეგის გარდაცვალების შესახებ, კოლეგებისა და მეგობრებისთვის განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა.

,,მორიგეობიდან ისეთი დალეწილი მოვდივარ, ვეღარაფერს ვასწრებ. ვიძინებ და მერე ისევ კლინიკაში გავრბივარ. ექიმები ერთმანეთის ამბებს წესიერად ვეღარც ვიგებთ. მეგონა თამაზი მოერეოდა. როცა გაიგო, რომ დაინფიცირდა, დაგვემშვიდობა მაშინვე, დაჯდა მანქანაში და მარტო წავიდა თბილისში. გზაში მანქანა გაუფუჭდა. სწორედ იმ ღამით დამძიმდა მისი მდგომარეობა. კი იცით, რომ კორონავირუსი ბატონებივით არის - სიმშვიდე და პოზიტივი ჭირდება“ - ამბობს ეპიდემიოლოგი ქეთევან ჯინჭველაძე.

ექიმ -გინეკოლოგ კობა კაკაჩიშვილს თამაზ კაჭკაჭიშვილთან წლების თანამშრომლობა და მეგობრობა აკავშირდებდა. ამბობს, რომ პანდემიისგან ყველაზე ძლიერი დარტყმა მედიკოსებმა მიიღეს. 

,,მეუღლეც ავად იყო, მაგრამ განიკურნა. სიდედრსაც შეხვდა, რომელიც მათთან ერთად ცხოვრობდა. თქვეს, რომ 83 წლის ქალმა კოვიდი დაამარცხა, მაგრამ გულმა უმტყუნაო. ორი დღის წინ დაკრძალეს. თამაზის მდგომარეობა თავიდან ძალიან დამძიმდა, მერე გაუმჯობესდა, დღეს კი ეს სამწუხარო ამბავი გავიგეთ“ - ამბობს კობა კაკაჩიშვილი.

პროფესიით პედიატრი თამაზ კაჭკაჭიშვილი უწყებაში 2014 წლიდან მუშაობდა. სასწრაფოს მენეჯერის პოზიციამდე მუშაობდა ჯერ პედიატრად, მოგვიანებით კი ნარკოლოგის პოზიციაზე. კოლეგების ინფორმაციით, გარდაცვლილ ექიმს პრობლემა ფილტვებიდან დაეწყო. სასწრაფო დახმარების მენეჯერს შაბათს, 21 ნოემბერს, დაკრძალავენ.

სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა. COVID 19-ით გარდაცვალების ფაქტები რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტშია დაფიქსირებული.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით 37 ადამიანი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 815-მდე გაიზარდა.
| Print |