ჯანდაცვა
როდის შემოვა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოში?
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, covax პლატფორმის (ვაქცინაზე წვდომის გლობალური ფონდი) გავლით საქართველოში კორონავირუსის პირველი ვაქცინა სავარაუდოდ მარტ-აპრილში შემოვა.

„დაახლოებით 170 ქვეყანაა კოვაქს პლატფორმაში გაერთიანებული და რამოდენიმე მილიარდ დოზას ყიდულობს 21 წლისთვის კოვაქს პლატფორმა და არა ერთ ვაქცინას. შეძენილი იქნება იგივე ოქსფორდის, ასტრა ზენეკასი, ფაიზერის და რამოდენიმე ვაქცინა იქნება შეძენილი. კარგი გადახდის პირობები გაკეთდა კოვაქს-პლატფორმასთან, ჩვენ რომ გადავიხადეთ ოთხნახევარი მილიონი უკვე წინასწარი შენატანი, ცოტა მეტი გადავიხადეთ, მაგრამ გადავიხადეთ იმ პირობით, რომ შეგვეძლება ვაქცინის არჩევა. ანუ რასაც გიკარნახებენ, ის კი არ შემოიტანო, არამედ შენ შეარჩიო ვაქცინა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭოს დავალებით ვაქცინის შეძენაზე მოლაპარაკებები, კოვაქს-პლატფორმის მიღმაც, პირდაპირ კომპანიებთანაც მიმდინარეობს.

„ახლა პარასკევსაც დიდი ტელეკონფერენცია გვქონდა ასტრა ზენეკასთან და ოქსფორდის ვაქცინასთან და მათთან ეგრეთ წოდებულ პირდაპირ შესყიდვებთან დაკავშირებით. ასევე ჩვენი საელჩოების მეშვეობით რამოდენიმე ქვეყანასთან ვმუშაობთ მწარმოებლებთან“,
- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
| Print |