ჯანდაცვა
ახალი რეგულაციები და გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობა
კორონავირუსის რეკორდული მატების გამო სახელმწიფომ რეგულაციები გაამკაცრა. 28 ნოემბრიდან მაღაზიები, რესტორნები, ფიტნეს ცენტრები და საცურაო აუზები იხურება, საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი კი მუშაობას აჩერებს. რეგულაციების გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ უკვე მიიღო.

28 ნოემბრიდან საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა დროებით იკრძალება. შეზღუდვა არ ვრცელდება მხოლოდ მსუბუქ ავტომობილებზე. ახალციხელი მძღოლების თქმით, ტრანსპორტის მუშაობის შეჩერებით ისინი მნიშვნელოვნად დაზარალდებიან, რადგან ახალი რეგულაცია, ორი თვის განმავლობაში მათ ოჯახებს ფაქტობრივად შემოსავლის გარეშე ტოვებს.

მძღოლებისგან განსხვავებით, ავტოსადგურის გამცილებელი ფიქრობს, რომ გადაწყვეტილება სამართლიანია, რადგან მოსახლეობის პანიკის გამო მუშაობა არც აქამდე იყო.

„ ჩავიკეტებით და დავიწყებთ შიმშილობას, რადგან შემოსავალი აღარ გვექნება, პურის ფული როგორ უნდა ვიშოვოთ?“- ამბობს ახალციხე-თბილისის სამარშრუტო ტაქსის მძღოლი გია ლომიძე.


ახალი რეგულაციები შეეხო რესტორნებსაც. 28 ნოემბრიდან მათი მუშაობაც იკრძალება, თუმცა შეუძლიათ გატანის სერვისით ისარგებლონ. რამდენად შეძლებენ ახალციხის რესტორნები ახალ აკრძალვებისთვის ფეხის აწყობას, ამაზე კვების ობიექტების მენეჯერები წინასწარ ვერ საუბრობენ. თუმცა ფაქტია, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ჩამოყალიბებულ მუშაობის ახალ სტილს, ახალციხეში, რესტორნების უმეტესი ნაწილი ვერ მოერგო და უკვე დაიხურა. 
„ ჩვენ პირველი ტალღის დროს გავაკეთეთ მიტანის სერვისი, მაგრამ იმ რესტორნებმა რა ქნან, რომლებსაც არ აქვთ, მოუწევთ დაკეტვა, ამიტომ ვფიქრობ, რომ არ არის სამართლიანი ეს შეზღუდვები“, - ამბობს რესტრანი „საღიღინოს“ მენეჯერი.


ორი თვით მუშაობას შეაჩერებენ ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. რეგულაცია ვრცელდება ახალციხის სპორტდარბაზეც. მწვრთნელი სახელმწიფოს მიერ დადგენილ ახალ აკრძალვებს არ ეთანხმება და ფიქრობს, რომ მძიმე პერიოდში ადამიანებისთვის სპორტით დაკავება მნიშვნელოვანია. სპარტაკ თაქთაქიძე მიიჩნევს, რომ კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდებას რეგულაციების გამკაცრებითაც შეძლებდნენ. მისი აზრით, სპორტდარბაზების დახურვა გამოსავალი არ არის.

„რა უნდა ვქნათ, კიდევ დავიკეტებით, ეს ჩვენთვის ძალიან მძიმე იქნება, არ ვეთანხმები ამ რეგულაციებს, რადგან სპორტი ადამიანებისთვის ეპიდსიტუაციის დროს ძალიან მნიშნელოვანია“, - ამბობს ახალციხის სპორტდარბაზის მწვრთნელი.


მთავრობის გადაწყვეტილებით, იკრძალება სპორტული, სახელოვნებო და კულტურული წრეებისა თუ სტუდიების საქმიანობა. ყველა სახის კონფერენციის, ტრეინინგის, კულტურული, გასართობი ღონისძიებების ჩატარება - დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით. გარდა ამისა, მთელი ქვეყნის მასშტაბით 21:00-დან 05:00 საათამდე ტრანსპორტითა და ფეხით გადაადგილება შეზღუდულია. გამონაკლისი ახალი წლისა და შობის ღამე იქნება - 31 დეკემბერსა და 6 იანვარს მოქალაქეებს ღამის საათებში მოძრაობა უპრობლემოდ შეეძლებათ.
გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

| Print |