ჯანდაცვა
საქართველოში გრიპის ვირუსის ცირკულაცია დაიწყო
საქართველოში B ტიპის გრიპის ცირკულაცია უკვე დაიწყო. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ სეზონზე გრიპის ვირუსი კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად პირველად გამოჩნდა.

„ჩვენ არ ვიცით, რამდენად აქტიური იქნება წელს გრიპი. თუ ავიღებთ სამხრეთ ნახევარსფეროს გამოცდილებას, ზაფხულის გრიპი ნაკლებად აქტიური იყო. ამაზე ბევრი ვერსია იყო. მათ შორის ისიც, რომ მოსახლეობა რომ მივეჩვიეთ გარკვეულად პრევენციული ღონისძიებების დაცვას, ვთქვათ, ტარებას პირბადის, უფრო მეტი ადამიანი აიცრა გრიპის საწინააღმდეგოდ, უფრო მეტი იცავს დისტანციას და სანიტარულ წესებს, შეიძლება, გრიპის სეზონი ოდნავ რბილი იყოს, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ მოქალაქეებს, განსაკუთრებით ორსულებს, მოუწოდა, გაიკეთონ სახელმწიფოს მიერ შეძენილი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა და ყველგან ატარონ პირბადე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის განმარტებით, ვინც კორონავირუსი უკვე გადაიტანა, მას შეიძლება შეხვდეს გრიპის ვირუსი, ამიტომ ადამიანს, რომელსაც კორონავირუსი უკვე ჰქონდა, შეუძლია გრიპის საწინააღმდეგო აცრა ჩაიტაროს.

7 დეკემბერს ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ სახელმწიფოს მიერ შეძენილი, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 235 ათასი დოზიდან ჯერ კიდევ არის 65 ათასამდე დოზა და რისკჯგუფების მიხედვით დაწესებული ბარიერებიც მოხსნილია.
| Print |