ჯანდაცვა
მომხრე ვართ შეზღუდვების ძალიან მინიმალური შემსუბუქების - ამირან გამყრელიძე
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი დაწესებული შეზღუდვების მინიმალური შემსუბუქების მომხრეა. ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განმარტებით, ისინი არ ეთანხმებიან იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში მობილობა სერიოზულად გაიზარდოს. გამყრელიძე ფიქრობს, რომ თუ 24 რიცხვიდან ყველაფერი გაიხსნება, მობილობა სერიოზულად გაიზრდება და ინფიცირების მაჩვენებელი 5000-ზე და მეტზე ავა.

„წინასწარ ვერ გეტყვით 24 დეკემბრიდან რა შეიძლება გაიხსნას და რა შეიძლება არ გაიხსნას, ამაზე დღესაც იყო საკოორდინაციო საბჭოზე მსჯელობა. მე ყოველთვის ვაფიქსირებ, რომ ჩვენ დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვართ ძალიან რადიკალური. ჩვენ მომხრე ვართ ძალიან მინიმალური შემსუბუქების, არ ვუჭერთ მხარს, რომ ქვეყანაში მობილობა სერიოზულად გაიზარდოს. თუ 24 რიცხვიდან ყველაფერს გავხსნით, მობილობა გაიზრდება სერიოზულად, ავარდება ინფიცირების მაჩვენებელი 5000-ზე და მეტზე, შემდეგ პროცენტულად იანგარიშეთ რამდენი ადამიანი მოხვდება ჰოსპიტალში და რამდენი შეიძლება დამძიმდეს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

შეზღუდვების შემსუბუქებას რომ მოსახლეობა სიფრთხილით უნდა მოეკიდოს, საზოგადოებას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილებაც შეახსენა. თამარ გაბუნიას თქმით, შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, მთავრობა ეპიდსიტუაციის დაკვირვების შემდეგ მიიღებს.

„ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ შეზღუდვების შემსუბუქებას, რადგან ის შედეგი, რომელიც დღეს ჩვენ მივიღეთ, ცალსახად ამ შეზღუდვების შედეგია. ჰოსპიტალური სექტორი ბოლო ორი თვის განმავლობაში მაქსიმალური დატვირთვით მუშაობდა და ჩვენ ამ დატვირთვის მაჩვენებელს ისევ რომ დავუბრუნდეთ, იანვრის დასაწყისში, ეს იქნება უკიდურესად რთული გადასატანი. ამდენად, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ჩვენი რეკომენდაცია არის, რომ დავაკვირდეთ ამ კვირაში სტაბილიზაციის ნიშნებს და შესაფერისად მივიღოთ გადაწყვეტილება შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით, თუმცა, ჯერჯერობით ვრჩებით დაკვირვებისა და კონსულტაციების რეჟიმში", - განაცხადა გაბუნიამ.

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდულად მატების გამო, ახალი რეგულაციები 28 ნოემრიდან ამოქმედდა. 


| Print |