ჯანდაცვა
აფეთქებისას დაშავებულ პირებს სახე და კიდურები აქვთ დამწვარი - მკურნალი ექიმი
შუა ხნის ცოლ-ქმარი, რომლებიც ხუთსართულიანი კორპუსის სარდაფში მომხდარი ფეთქების დროს დაშავდნენ, ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალიდან თბილისში, სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. დამწვრობის ცენტრის მორიგე ექიმის გია დავლიანიძის თქმით, პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. ორივე მათგანს დამწვრობა თავის, სახესა და ხელების მიდამოებში აქვთ.

„დამწვრობა ისევ ისეა, როგორც ჰქონდათ. დღეს ანალიზები ავუღეთ, რენტგენი გადავუღეთ, გადასხმები და შეხვევები გავუკეთეთ. დრო უნდა რეაბილიტაციას, მკურნალობა გრძელდება. მათი დაზინება და საერთო მდგომარეობა ერთმანეთის შესაბამისია. კრიტიკული ამ წუთში არაფერი ხდება, თუმცა შეიძლება წინ ბევრი გართულება იყოს, ან არ იყოს“, - გვითხრა გია დავლიანიძემ.

"შეშუპება აქვთ მოტეხილობების ფონზე, ეს არის ახლა ყველაზე მთავარი. მაგრამ თუ არაფერი გართულდა, სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება"
, - გვითხრეს დაშავებულების ნათესავებმა.

შემთხვევა ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე, ხუთსართულიანი კორპუსის სარდაფში მოხდა. პირველადი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია. შემთხვევის შედეგად დაზიანდა კორპუსის სარდაფები და პირველ სართულზე განთავსებული რესტორანი. დაშვდა ორი პირი, რომელიც აფეთქების დროს სარდაფში იმყოფებოდნენ. ისინი მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს.

კორპუსს ექსპერტიზა ჩაუტარდება და ადგილობრივებს ამის შემდეგ ეცოდინებათ, უსაფრთხოა თუ არა იქ ცხოვრება. მანამდე კი, ახალციხის მერიამ ექვსი ოჯახი დროებით სასტუმროში მოათავსა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

| Print |