ჯანდაცვა
ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლის კლება აღინიშნება - ამირან გამყრელიძე
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო 2 კვირაში უკვე აღინიშნება ინფიცირების მაჩვენებლის კლება ქვეყანაში - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეისათვის საქართველო ინფიცირების მაჩვენებლით ევროპაში დაახლოებით მე-8 ადგილზეა, მსოფლიოში კი -12-ზე.

„ყველა მაჩვენებლით, ყველა ინდიკატორით, რომელიც დაკავშირებულია 7-დღიან საშუალო ინციდენტობასთან , 14-დღიან კუმულაციურ ინციდენტობასთან, ყველა მაჩვენებელი უკვე ქვემოთ არის წამოსული. თუ ჩვენ დეკემბრის დასაწყისში ახალი შემთხვევების რაოდენობით პირველ ადგილზე ვიყავით ევროპაში და ზოგიერთ მომენტში მსოფლიოშიც, ახლა ევროპაში ვართ სადღაც მერვე ადგილზე, მსოფლიოში სადღაც მე-12 ადგილზე, ანუ ეს მაჩვენებელიც მცირდება, ისევე როგორც კუმულაციური სიკვდილიანობის მაჩვენებელი. სიკვდილიანობის მაჩვენებელი გვაქვს როგორც მოგეხსენებათ, 1% ქვეყანაში და გამოჯანმრთელებულთა მაჩვენებელი არის საკმაოდ კარგი - 92%. ასევე შემცირებულია ე.წ. აქტიურ ინფიცირებულთა რაოდენობა 13 386. გახსოვთ დეკემბრის დასაწყისში და შემდგომაც 10 დღის განმავლობაში ჩვენ გვქონდა შემთხვევები, როცა ერთდროულად გვყავდა აქტიური ინიფიცირებული 25 000-27 000 ქვეყანაში,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, იკლებს ასევე ჩატარებული ტესტირებიდან დადებითი პასუხების რაოდენობაც, ისევე როგორც ზოგადად კოვიდთან დაკავშრებით მიმართვიანობა.

„მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რომ ინფიცირების დადებითობის პროცენტი ქვეყანაში იკლებს. ჩვენ თუ დეკემბრის პირველი 5 დღის საშუალო მაჩვენებელი დადებითობის გვქონდა 28-29% პროცენტი, დღეს ის ჩამოსულია 13.5% პროცენტზე. განახევრებულია. ყველა ერთად ეს ინიდიკატორი მიუთითებს, რომ ინიფიცირება ქვეყანაში მცირდება. ასევე თუ შეადრებთ ზარებს ცხელ ხაზზე და 112-ზე, ნახავთ, რომ ნაკლები მიმართვიანობაა კოვიდის გამო და ნაკლები მიმართვიანობაა ასევე პოლიკლინიკებში ტესტირებისთვის" - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, ეს მიუთითებს, რომ ქვეყანაში სიტუაცია ოდნავ მშვიდდება, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს. მისივე თქმით, თუ  რეგულაციებს არ დავიცავთ, სიტუაცია შეიძლება ყოველ წუთს გამწვავდეს.
| Print |