ჯანდაცვა
ნამდვილი მეორე ტალღა და ვიღაცისთვის მესამეც გვექნება გაზაფხულზე - ბიძინა კულუმბეგოვი
იმუნოლოგ-ალერგოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის შეფასებით, კორონავირუსის ნამდვილი, მეორე ტალღა გაზაფხულზეა მოსალოდნელი.

მან ჯანდაცვის სექტორში არსებული გამოწვევების ფონზე, 2020 წელი შეაჯამა და აღნიშნა, რომ მოსახლეობა არსებულ ეპიდვითარებას სიფრთხილით უნდა მოეკიდოს.

„რეალურად, ჩვენთან ეს პირველი ტალღა იყო. რაც ამერიკამ და ევროპის ქვეყნებმა გაზაფხულზე იგრძნეს, ჩვენთვის პირველი ტალღა სწორედ ახლა იყო. ამიტომ, უჭირთ გამკლავება. ჩემთვის, როგორც ექიმისთვის ამ თვალსაზრისით სიურპრიზი არ ყოფილა. რეალისტები უნდა ვიყოთ, მსოფლიოში ვაქცინა შეიქმნა, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ამ ვაქცინის 80-90 პროცენტიანი მოცვაც კი, ყველას რომ სურვილი ჰქონდეს, 2022 წლამდე ვერ მოხერხდება. ყველაზე კარგ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ 2021 წელს მოსახლეობის 20% ავცრათ. ამიტომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. რაღაც ეტაპზე ინფიცირებულთა რიცხვი დაიკლებს, შემდეგ ისევ მოდუნდება ხალხი. ამიტომ, ნამდვილი მეორე ტალღა და ვიღაცისთვის მესამეც, კიდევ გვექნება გაზაფხულზე. ამიტომ, ვისურვებდი მეტ ჩართულობას, ექიმების სოლიდარობას. მინდა, რომ ამ ქვეყანაში ჯანდაცვის პირველადი რგოლი უკეთესი იყოს, ხოლო ოჯახის ექიმები ის მედიკოსები იყვნენ, რომლებსაც ადამიანები ყველაზე მეტად ენდობიან. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ პირველადი ჯანდაცვის რგოლი და ოჯახის ექიმის ინსტიტიტუტი, რაც მათ განათლებაზე, ცოდნასა და კომპეტენციაზე გადის. ამიტომ, ბევრი უნდა ჩადოს ქვეყანამ, რომ ექიმები პირველადი ჯარისკაცები იყვნენ, რომ ნებისმიერ შემოჭრილ მტერს გაუმკლავდნენ. მთავარ პრობლემას ამაში ვხედავ სწორედ. თუ ჯანდაცვის პირველადი რგოლი არ გაძლიერდა, შესაძლოა, ასეთი პრობლემების წინაშე მომავალ წელს კიდევ დავდგეთ. ვისურვებდი, რომ ქვეყანამ ამაზე იზრუნოს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები უნდა გაიზარდოს, რომ შესაძლო ახალი ტალღის შემთხვევაში მზად ვიყოთ. ასევე, გაცილებით მეტი ტესტირების შესაძლებლობა უნდა იყოს. ჩვენ იქეთ უნდა შევაწუხოთ სხვები და არ უნდა დაველოდოთ, როდის მოგვცემენ ესა თუ ის ქვეყნები ვაქცინას“,- განაცხადა კულუმბეგოვმა.

მისი შეფასებით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება დამატებითი რეგულაციების დაწესებას არ საჭიროებს. მისი თქმით, ყველამ უნდა გააცნობიეროს სოციალური პასუხისმგებლობა და არსებული რეგულაციები შეასრულოს. ბიძინა კულუმბეგოვი მოსახლეობას ურჩევს, თუ აუცილებლობა არ არის, სტუმრად მისვლისგან თავი შეიკავონ.

„ცოტა ხანი სოციალური ქცევა შევიცვალოთ. სადაც საჭირო არ არის, სტუმრად არ მივიდეთ და არ მივიღოთ სტუმრები, თუ ეს გადაუდებელი არ არის. ასევე, ხელის ჰიგიენა მუდმივად გვახსოვდეს. ამ პრინციპებით მოგვიწევს 2021 წლის პირველ ნახევარში ცხოვრება. თუ ყველა ადამიანი ამას გულისყურით და შეგნებით მოეკიდება, ჩვენს ქვეყანას არავითარი განსაცდელი არ ექნება. ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ კორონავირისის ახალი ვარიანტი მძიმედ არ მიმდინარეობს და უფრო მეტ სიკვდილონობას არ გამოიწვევს. მისი თქმით, საჭიროა სწორი საინფორმაციო კამპანია, რომ საზოგადოება მეტად იყოს ინფორმირებული.

interpressnews.ge
| Print |