ჯანდაცვა
ახალციხეში უფასო ტესტირებისას, ბანკის რიგში მყოფ პირს COVID 19 დაუდასტურდა
ახალციხეში უფასო ტესტირების დროს ბანკის რიგში მყოფ პირს COVID 19 დაუდასტურდა. მოქალაქემ აქციით ისარგებლა და კორონავირუსზე ტესტი ქუჩაში ჩაიტარა. შედეგად კოვიდდადებითი აღმოჩნდა.

ახალციხის მუნიციპალიტეტში Covid-19-ზე ტესტირება უკვე ქალაქის ქუჩებშიც არის შესაძლებელი. მოქალაქეებს შეუძლიათ ტესტი გაიკეთონ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ.

ტესტირება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით 8 იანვარს ახალციხიდან დაიწყო. ქალაქში 50-მდე ტესტი ჩატარდა.

“ქუჩაში, ღია სივრცეში დავიწყეთ ტესტების გაკეთება, რომლის მიზანია, რომ უფრო მეტი ადამიანი გაიტესტოს. უფასო ტესტირება პირველ თებერვლამდე გაგრძელდება”
- განუცხადა "მეცხრე არხს" საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ფატი ხაბულიანმა.

დღეს ტესტირება სოფელ წყრუთში გაგრძელდება. მოსახლეობას ტესტის გაკეთების შესაძლებლობა ყველა სოფელში, 10:00-დან 18:00 საათამდე მიეცემა.
| Print |