ჯანდაცვა
საჭიროება თუ არამიზნობრივი ხარჯები - კოვიდსასტუმროების რიცხვი ერთი წლის შემდეგ მცირდება
საქართველოში კოვიდსასტუმროების რაოდენობა შემცირდა. სამცხე-ჯავახეთში, პანდემიასთან ბრძოლაში ჩართული 12 ობიექტიდან ხელშეკრულება მხოლოდ ერთ სასტუმროს გაუგრძელეს.

„გრანდ პალასი“ ერთადერთი სასტუმროა სამცხე-ჯავახეთში, რომელიც კოვიდპაციენტების მიღებას განაგრძობს. ხელისუფლებამ შესაბამისი ხელშეკრულება, მხოლოდ ამ ობიექტის მფლობელთან გააფორმა.

სასტუმრო კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, ქვეყანაში პანდემიის გავრცელების პირველივე თვეებიდან ჩაერთო. თავდაპირველად, აქ საკარანტინე სივრცე იყო მოწყობილი, შემდეგ ცხელების ზონად, საბოლოოდ კი კოვიდსასტუმროდ გადაკეთდა. ამ დროისთვის, მკურნალობის კურსს „გრანდ პალასში“ მხოლოდ ორი კოვიდპაციენტი გადის. ხელისუფლებას ინფიცირებული და საეჭვო პაციენტების მომსახურებაზე ხელშეკრულება ახალციხის სამ სასტუმროსთან, 2020 წლის დეკემბრის ბოლომდე ჰქონდა გაფორმებული, რომლის დასრულების შემდეგაც, ორ მათგანთან ახალ შეთანხმებაზე საუბარი აღარ ყოფილა. შესაბამისად სასტუმროები - "კავკასია" და "ტიფლისი" ამ დროისთვის ცარიელია.

სასტუმრო „კავკასიამ“ ცხელებიანი პაციენტების მიღება 2020 წლის 12 ნოემბერს დაიწყო. აქ საეჭვო სიმპტომებიანი პირებისთვის 25 საწოლი იყო მობილიზებული. ბოლო პაციენტი სასტუმროდან 4 იანვარს გაეწერა.

„ხელშეკრულება დეკემბრის ბოლოდე გვქონდა. დავრეკე და ვუთხარი, მიღებული გვყავს ხალხი, რომელიც მომავალ წელს ასრულებს სავალდებულო პერიოდს. მითხრეს, რომ მათ შემდეგ აღარავინ მიმეღო" - ამბობს ნუგზარ ბლუაშვილი.

კიდევ ერთი ობიექტი, რომელიც 2020 წლის 24 ოქტომბრიდან, კოვიდთან ბრძოლაში  ჩაერთო, სასტუმრო "ტიფლისია“. თავდაპირველად აქ ცხელებიან პაციენტებს ათავსებდნენ, დეკემბერში კი ობიექტი კოვიდსასტუმროდ გადაკეთდა. აქ ინფიცირებული პაციენტებისთვის 23 ოთახის მობილიზება შეძლეს. "ტიფლისიდან" ბოლო პაციენტი 1 იანვარს გაეწერა.

"ჩვენთან მხოლოდ მსუბუქი პაციენტები რჩებოდნენ, ისინი, ვისაც იზოლაცია ესაჭიროებოდათ და სახლში არ ჰქონდათ მარტო დარჩენის პირობები. იყო გამონაკლისი შემთხვევები, პაციენტების დამძიმების, ამიტომ მაშინვე ხდებოდა მათი თბილისში გადაყვანა. ხელშეკრულება წლის ბოლომდე იყო გაფორმებული თუმცა ტიფლისი მზად არის ისევ კოვიდპაციენტების მისაღებად. თუმცა, ვფიქრობ აღარ გააგრძელენ ხელშეკრულებას" - აღნიშნავს სასტუმრო ტიფლისის თანამფლობელი ია აბულაძე.
სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაციის აპარატის უფროსი ადასტურებს, რომ სასტუმროებს ხელშეკრულება 2020 წლის ბოლომდე ჰქონდათ გაფორმებული. გიორგი მიქელაძის თქმით, კოვიდსასტუმროები დატვირთული აღარ არის, შესაბამისად ჩანს, რომ ქვეყანაში ამის საჭიროება შემცირებულია.

„სასტუმრო „გრანდ პალასს“ ხელშეკრულება გაუგრძელდა და ჩვეულებრივად იღებს პაციენტებს. ამ დროისთვის მხოლოდ ორი კოვიდპაციენტია. ასე თუ გაგრძელდა, სავარაუდოდ, ამ სასტუმროსაც გაუუქმდება კონტრაქტი“ - ამბობს სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსი გიორგი მიქელაძე.

არის თუ არა კოვიდსასტუმროები ხელისუფლების მიერ ზედმეტად გაწეული ხარჯი, ამაზე მთავრობის წარმომადგენლები არ საუბრობენ. სამაგიეროდ, მათ ჩართვას პანდემიასთან ბრძოლაში, ერთ-ერთ არაეფექტურ გზად მიიჩნევენ ექსპერტები. სერგო ჩიხლაძე ფიქრობს, რომ ის თანხა, რაც კოვიდსაასტუმროებზე დაიხარჯა ჯობდა ჰოსპიტალური სექტორის მომზადებისთვის დახარჯულიყო. მისი აზრით, კოვიდსასტუმროების ჩართვის აუცილებლობა განსაკუთრებით გაზაფხულზე არ არსებობდა, როდესაც ინფიცირების ერთეული შემთხვევები ფიქსირდებოდა.

„კოვიდსასტუმროები ეს იყო ერთ-ერთი მეთოდი იმისთვის, რომ ადამიანები, რომლებსაც არ ჰქონდათ საშუალება ემკურნალათ სახლში და ყოფილიყვნენ თვითიზოლაციაში, თუმცა ეს მექანიზმიც არ იყო გამართული. აზრობრივად ვერ აეწყო კოვიდსასტუმროების თემატიკა, ფუნქციურადაც ვერ დაიტვირთა, ისე როგორც უნდა დატვირთულიყო. ცალკე თემაა კიდევ ის ხარჯები, თუ რა პრიორიტეტით ხდებოდა დაფინანსება. პრიორიტეტები უნდა ყოფილიყო სხვა. მაგალითად, პირველადი ჯანდაცვა, ოჯახის ექიმი და უამრავი სწორი ალგორითმი უნდა აწყობილიყო", - აცხადებს ექსპერტი სერგო ჩიხლაძე.
ჯანდაცვის სექტორი რომ კოვიდთან ბრძოლაში არასწორ ნაბიჯებს დგამს, ამაზე საუბრობს „საქართველოს კლინიკების ასოციაციის“ პრეზიდენტიც. ვილი პაჭკორიას კლინიკების ჩანაცვლება სასტუმროებით არაეფექტურ გზად დიდი ხანია მიაჩნია.

სასტუმროებში კოვიდპაციენტების რაოდენობა ბოლო პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით შემცირდა. 22 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს კოვიდსასტუმროებში 479 პირია მოთავსებული, მათგან მკურნალობის კურსს 1 პაციენტი ახალციხეში გადის.

მომზადებულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |