ჯანდაცვა
ახალციხის საზოგადოებრვი ჯანდაცვის ცენტრმა სოფლებში უფასო ტესტირება დაასრულა
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში კორონავირუსზე უფასო ტესტირება დასრულდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, გასვლითი გამოკვლევები ჯგუფებმა 25 იანვარს დაასრულეს. კორონავირუსზე ანტიგენის სწრაფი მარტივი ტესტით, მოსახლეობის უფასო ტესტირება, როგორც ქალაქ ახლციხეში, ისე მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა.

ცენტრის თანამშრომლებმა COVID 19-ზე სულ 1 324 ადამიანი გატესტეს. მათგან კორონავირუსი 17 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 4 პირი ახალციხეში გამოვლინდა, დანარჩენი 13 კი სოფლებში.

„სოფლებში გასვლა დავასრულეთ. ახლა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში და კლინიკებში არის შესაძლებელი მოქალაქეების გატესტვა. ჯერჯერობით სოფლებში გასვლა აღარ იგეგმება“ - ამბობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ფატი ხაბულიანი.

უფასო ტესტირება საქართველოში 4 თებერვლიდან კოვიდცენტრებსა და კლინიკებში დაიწყო. ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა გასვლითი კვლევები პირველად, 8 იანვარს, ახალციხეში ჩაატარა. ამის შემდეგ თანამშრომლებმა მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის მაცხოვრებლები გამოიკვლიეს.

დაინტერესებულ პირებს, სწრაფი მარტივი ტესტირებისთვის კვლავ შეუძლიათ შემდეგ დაწესებულებებს მიმართონ:

1. ახალციხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი - ქალაქი ახალციხე, კეცხოველის ქუჩა N 6, IV სართული;

2. სს,,ევექსის ჰოსპიტლები" ახალციხის რეფერაქლური ჰოსპიტლები - ქალაქი ახალციხე რუსთაველის ქუჩა N105 ა;

3. შპს ახალციხის კლინიკა ,,იმედი'' - ახალქალაქის გზატკეცილი ჩიხი N3;

4. კოვიდ სასტუმრო ,,გრანდ პალასი" - ქალაქი ახალციხე, თამარაშვილის ქუჩა N2 ბ;

5. სამცხე-ჯავახეთის ,,დემოკრატ ქალთა საზოგადოება"- ქალაქი ახალციხე, მერაბ კოსტავას ქუჩა N109.

| Print |