ჯანდაცვა
„ბავშვებში აღგზნებადობა, უძილობა, აგრესიულობა შეინიშნება“ - პედიატრის რჩევები მშობლებს
პედიატრ ნესტან უშხვანის თქმით, ბავშვებში აღგზნებადობა, უძილობა და ტელეფონზე დამოკიდებულება შეინიშნება. ექიმის თქმით, ამ ჩივილებით ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში მშობლების მხრიდან მომართვიანობამ იმატა.

„ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა ბავშვებში მსგავსი პრობლემები, როგორიცაა აღგზნებადობა, უძილობა, ტელეფონზე დამოკიდებულება. ეს კოვიდს უკავშირდება თუ არა, ვერ გეტყვით“, - ამბობს პედიატრი. ნესტან უშხვანი მშობლებს ურჩევს, მეტი დრო დაუთმონ შვილებს და მათთან კომუნიკაცია გააუმჯობესონ.

იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს წევრის, პედიატრ თემურ მიქელაძის განცხადებით, დისტანციურ პირობებში ყოფნის გამო, ბავშვებში ისეთმა პრობლემებმა იჩინა თავი, როგორიცაა სიმსუქნე, აგრესიულობა, აღგზნებადობა, უძილობა, საგნის ათვისების პრობლემა.

„განსაკუთრებით რთულია ისეთი ონლაინ მიჯაჭვულობა, რომელიც სწავლასთან არ არის დაკავშირებული. არის სხვადასხვა აგრესიული თამაშები, აურაცხელი შავი მასალა, რომელიც ბავშვებს სწრაფად იზიდავს და მშობლებს ბინის პირობებში მათი მართვა საკმაოდ უჭირთ. გარდა ამისა, ბავშვებიდან უკვე წამოვიდა ზედმეტი აგრესია, რაც შემდეგში საკმაოდ რთული სამართავია. ამიტომ, ჩვენი რეკომენდაციაა, რომ დღის განმავლობაში სამჯერ მაინც გავიდნენ ბავშვები გარეთ“, - ამბობს თემურ მიქელაძე.

პედიატრის განმარტებით, ბავშვთა უმრავლესობა კორონავირუსს უპრობლემოდ გადაიტანს, მაგრამ ნეიროფსიქიატრიული პრობლემების მოგვარება საკმაოდ რთულია.

| Print |