ჯანდაცვა
საქართველოსთვის “ასტრაზენეკას” 129 600 და “ფაიზერის” 29 250 დოზაა გამოყოფილი - Covax
Covax პლატფორმაზე ვაქცინების განაწილების პირველი რაუნდის დოკუმენტი გამოქვეყნდა, სადაც ქვეყნების და მათთვის განკუთვნილი ვაქცინების დოზებია გაწერილი. ვაქცინა 139 ქვეყანას 2021 წლის თებერვალ-მაისის პერიოდში უნდა მიეწოდოს. 

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოსთვის “ასტრაზენეკას” 129 600 და “ფაიზერის” 29 250 დოზაა განკუთვნილი.

დოკუმენტშივე მითითებულია, რომ ცხრილი განახლდება ამ კვირის ბოლოს, სადაც მითითებული იქნება 2021 წლის თებერვალი-მარტისა და აპრილი-მაისისთვის გამოყოფილი დოზების მიწოდების მოსალოდნელი ვადების შესახებ დამატებითი ინფორმაცია.

"ეს ვადები დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის არის ეროვნული მარეგულირებელი მოთხოვნები, მიწოდების ხელმისაწვდომობა, ასევე სხვა კრიტერიუმების შესრულება, როგორიცაა ვაქცინაციის დამტკიცებული ეროვნული გეგმა, ანაზღაურებისა და პასუხისმგებლობის შესახებ ხელშეკრულებები, ასევე ექსპორტისა და იმპორტის ნებართვები და სხვ".

დოკუმენტში მითითებულია, რომ ფაიზერის ვაქცინების დისტრიბუცია წევრი ქვეყნებისთვის 2021 წლის პირველ კვარტალშია მოსალოდნელი. “ეს დოზები ასახულია ქვემოთ მოცემულ ცხრილში, რათა გამოჩნდეს დღეისთვის გადანაწილების გლობალური მიმოხილვა, მაგრამ არ არის განაწილების ამ რაუნდის ნაწილი”.
| Print |