ჯანდაცვა
ვაქცინაციის შედეგად თრომბის წარმოქნის გაზრდილი რისკის შესახებ მტკიცებულება არ არსებობს - AstraZeneca
კომპანია AstraZeneca აცხადებს, რომ მის მიერ შექმნილი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით ვაქცინირებული ადამიანების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მონაცემების განხილვის შედეგად თრომბის წარმოქნის გაზრდილი რისკის შესახებ მტკიცებულება არ გამოვლენილა.

”ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოში AstraZeneca-ს ვაქცინით აცრილი 17 მილიონზე მეტი ადამიანის უსაფრთხოების შესახებ არსებული მონაცემების ყურადღებით განხილვამ აჩვენა, რომ ფილტვის ემბოლიის, ღრმა ვენების თრომბოზის ან თრომბოციტოპენიის გაზრდილი რისკი არ არსებობს”, - აცხადებენ კომპანიაში.

მათივე განმარტებით, კომპანია და ევროპის ჯანდაცვის ორგანოები ვაქცინის დამატებით შემოწმებას ახორციელებენ და არც ერთი ხელახალი ტესტირების შედეგად შეშფოთების მიზეზი არ წარმოქმნილა. ამასთან, AstraZeneca-ს ინფორმაციით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყოველთვიური ანგარიში ევროპის მედიკამენტების სააგენტოს ვებ-გვერდზე მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდება.

შეგახსენებთ, ირლანდიის, დანიის, ნორვეგიის, ისლანდიის და ნიდერლანდების ხელისუფლებამ AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება რამდენიმე ვაქცინირებულ ადამიანში სისხლის შედედების პრობლემების წარმოქნის გამო შეაჩერა, გასულ კვირას კი ავსტრიამ AstraZeneca-ს კონკრეტული პარტიის დოზების გამოყენება შეწყვიტა.

ევროპის მედიკამენტების სააგენტოს განმარტებით, არ არსებობს იმის ნიშანი, რომ სისხლის შედედების პრობლემები ვაქცინაციის შედეგად წარმოიქმნა. იგივე მოსაზრება გააჟღერა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამაც.
| Print |