ჯანდაცვა
მსურველთა სიმცირის გამო, მუნიციპალიტეტებში ვაქცინაცია ჯერ ვერ დაიწყო
დღეს, 17 მარტს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ბორჯომში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში დაიწყო, თუმცა მსურველები ჯერ არ არიან. ბორჯომის სამედიცინო ცენტრის დირექტორის თქმით, ასაცრელად რვა ადამიანი დარეგისტრირდა. ირაკლი დიასამიძის თქმით, მათთან ვაქცინის 200 დოზაა შეტანილი. 

„ვაქცინა მიღებულია და შესაბამისი ოთახიც მზადაა. ვაქცინის მისაღებად რეგისტრაცია გუშინ დაიწყო და სამედიცინო პერსონალს მისი გავლა ყოველდღიურად შეუძლია. როცა შეიკვრება 10-10 კაციანი ჯგუფები, მაშინ მოხდება ვაქცინაცია. აქედან გამომდინარე, ვაქცინაციისთვის კონკრეტული დღეები არ გვაქვს გათვლილი“.


ვაქცინაცია ოფიციალურად დღეს დაიწყო ახალქალაქის ჰოსპიტალშიც, თუმცა კლინიკის ხელმძღვანელის თქმით, აცრის სურვილი მხოლოდ 7-მა ადამიანმა გამოთქვა. 

„რეგისტრაცია მიმდინარეობს და ამჟამად ჰოსპიტალში ვაქცინის 300 დოზაა შემოტანილი, როცა შეიქმნება ჯგუფები, ვაქცინაციის პროცესიც მაშინ დაიწყება“,- განმარტავს ალექსანდრე თოროიანი. 

მედპერსონალის აცრა დღეს დაგეგმილი იყო ახალციხის კლინიკა „იმედში“, მაგრამ ვაქცინაცია გადაიდო. კლინიკური მენეჯერის თქმით, მიზეზი არასაკმარისი მსურველია. ვაქცინაციისთვის გუშინ მხოლოდ სამი ადამიანი დარეგისტრირდა.

„ვაქცინაცია ხვალ გაიმართება, ველოდებით 10-კაციანი ჯგუფის შექმნას, ამჟამად 8 ადამიანია რეგისტრირებული“, - განმარტავს მზია კაკოშვილი. 

ხვალ, 18 მარტს ვაქცინაციის პროცესი ასპინძის და ადიგენის „ევექსის“ კლინიკების ქსელში ჩატარდება. 

15 მარტს უკვე აიცრა ახალციხეში 10 ექიმი. 

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ექვემდებარება ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ყველა პირი - ექიმი, ექთანი, სანიტარი, ლაბორანტი, სტომატოლოგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, ეპიდემიოლოგი, ადმინისტრაციული მუშაკები (მენეჯერი, მძღოლი, რეგისტრატორი და ა.შ).

| Print |