ჯანდაცვა
ექთანს დაყოვნების ოთახშივე განუვითარდა გვერდითი მოვლენა - კლინიკის დირექტორი
ექთანს დაყოვნების ოთახშივე განუვითარდა გვერდითი მოვლენა - აცხადებენ კლინიკა „იმედში“. დირექტორის გიორგი ბარძიმაძის თქმით, ამავე ოთახში იმყოფებოდა ექთანი, რეანიმატოლოგი და ქირურგი, რომლებიც მაშინვე ჩაერთვნენ დახმარების პროცესში და 28 წლის ექთანი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

„ექთანი მეგი ბაქრაძე მეათე იყო, ვინც გუშინ აიცრა. დანარჩენი ცხრა თავს კარგად გრძნობს, არანაირი რეაქცია არ ჰქონიათ. როგორც კი ექთანმა თავი შეუძლოდ იგრძნო, მედ-პერსონალი მაშინვე ჩაერთო, ჩაუტარდა ყველა საჭირო პროცედურა, რაც პროტოკოლით არის გათვალისწინებული. პირველადი დახმარების დაგვიანება არ მომხდარა“, - ამბობს გიორგი ბარძიმაძე, კლინიკის დირექტორი.

ახალგაზრდა ქალს, რომელმაც 18 მარტს კორონავირუსის ვაქცინა ჩაიტარა და „ასტრაზენეკათი“ აიცრა, გვერდითი მოვლენა - ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ექთანი თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანის შემდეგ დასტაბილურდა. 

მომხდარს რეგულირების სააგენტო სწავლობს. მათი წარმომადგენლები ახალციხის კლინიკა „იმედში“ გუშინვე ჩამოვიდნენ. მომხდარს იკვლევს შსს. სამართალდამცველებმა ექიმები უკვე გამოკითხეს.

საქართველო „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციას აგრძელებს, რადგან ის არის აღიარებული, როგორც უსაფრთხო ვაქცინა, რომელსაც აქვს გაცილებით მეტი სარგებელი, ვიდრე რისკი. ეს კი, ევროპის მკაცრი მარეგულირებლის ინფორმაციით, არ აძლევს არც ერთ ქვეყანას საფუძველს, შეჩერებული იყოს „ასტრაზენეკას“ მოხმარება.

| Print |