ჯანდაცვა
ასტრაზენეკას ვაქცინა უსაფრთხოა - ევროპის წამლების სააგენტოს დასკვნა
ევროპული ქვეყნები აცხადებენ, რომ „ასტრაზენეკას“ გამოყენებას განაახლებენ. გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის, იენს შპანის განმარტებით, „ასტრაზენეკას“ გამოყენებით მოსახლეობის აცრა დღეიდან განახლდება.

დღესვე განახლდება ვაქცინის გამოყენება საფრანგეთშიც. „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჟან კასტექსი აიცრება.

ვაქცინის გამოყენებას განაახლებს იტალიაც. პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის თქმით, ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი რაც შეიძლება სწრაფად უნდა აიცრას.

„ასტრაზენეკას“ გამოყენების განახლების შესახებ განაცხადეს კვიპროსმა, ლატვიამ და ლიეტუვამ. 

ევროპის წამლების სააგენტომ (EMA) შეისწავლა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის კავშირი თრომბოემბოლიის შემთხვევებთან და დაადგინა, რომ ვაქცინა „არ ასოცირდება“ თრომბის მაღალ რისკთან. ის „უსაფრთხო და ეფექტურია“.

ევროპის წამლების სააგენტომ კვლევა მას შემდეგ დაიწყო, როცა იტალიამ, გერმანიამ, ესპანეთმა, საფრანგეთმა და ევროპის კიდევ ცხრა ქვეყანამ Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება შეაჩერა, ვაქცინასთან დაკავშირებული რისკის შესწავლამდე.

რეგულირების სააგენტომ შეისწავლა ის მცირე რაოდენობის შემთხვევები, რაც სისხლში დარღვევებს უკავშირდება, კერძოდ, ცერებრალური ვენური თრომბოზი - თრომბები თავის არეში.

„ეს უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინაა“, - განაცხადა ემერ კუკმამ, ევროპული წამლის სააგენტოს ხელმძღვანელმა.

თუმცა, ორგანიზაცია მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი შემთხვევების ვაქცინასთან კავშირის შესწავლას.

ქვეყნების უმეტესობა სწორედ EMA-ს დასკვნას ელოდებოდა, რათა მიეღო გადაწყვეტილება „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის გაგრძელების თაობაზე.

მიმდინარე წლის 8 მარტის ინფორმაციით, 17 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით. აცრის შემდეგ 37 ადამიანს სხვადასხვა ტიპის თრომბოემბოლია განუვითარდა, რამაც იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინის გამოყენება მიმდინარეობდა, ეჭვი გააჩინა ვაქცინის გვერდით ეფექტებზე. კომპანია „ასტრაზენეკამ“ განაცხადა, რომ ჩვეულებრივ ცხოვრებაში, 17 მილიონ ადამიანში, თრომბეომბოლიის შემთხვევა შეიძლება მეტიც იყოს.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინა ყველაზე ფართოდ დიდ ბრიტანეთში გამოიყენეს და იქ არც ერთი თრომბოემბოლიის შემთხვევა დაფიქსირებულა.

დასავლური მარეგულირებლების მიერ დამტკიცებულმა ყველა ვაქცინამ აჩვენა მაღალი ეფექტურობა მძიმე დაავადებისა და სიკვდილიანობის შემცირების კუთხით. ევროპის ქვეყნებში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება და ვაქცინაციის პროცესის შეყოვნებას ბევრი სიცოცხლის ფასი ექნება, წერს ნიუ-იორკ თაიმსი.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა არ შეამცირებს ჯანმრთელობის სხვა პრობლემებსა თუ სხვა მიზეზებით გამოწვეულ სიკვდილიანობას. ვაქცინაციის ფონზე ასეთი შემთხვევები იარსებებს, რაც არ ნიშნავს მათ კავშირს აცრასთან.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ზოგ ადამიანში, განსაკუთრებით მათში, ვინც ალერგიულია, კორონავირუსის ვაქცინის რომელიმე კომპონენტმა, ისევე როგორც სხვა ვაქცინამ თუ წამალმა, შესაძლოა გამოიწვიოს რეაქციის მაღალი რისკი. მილიონ აცრილ ადამიანში ერთს, შეიძლება განუვითარდეს მძიმე ალერგიული რეაქცია. ჯანმო-ს რჩევით, აცრილმა ადამიანმა არ უნდა დატოვოს კლინიკა ვაქცინის გაკეთებიდან 30 წუთის განმავლობაში. ვაქცინაციის ყველა პუნქტში უნდა იყოს ექიმი და არსებობდეს შესაბამისი აღჭურვილობა, რათა საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იყოს პაციენტისთვის დახმარების დროული აღმოჩენა.

ასტრაზენეკას ვაქცინის ეფექტურობა მეორე დოზის მიღების შემდეგ 82%-ია. ის ავტორიზებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. გავლილი აქვს გამოცდის სამი ეტაპი და იანვრიდან მიეწოდება სხვადასხვა ქვეყანას, COVAX პლატფორმიდან.

ფაიზერისგან განსხვავებით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინას არ სჭირდება განსაკუთრებული პირობები (-70C), ის ჩვეულებრივ მაცივარში ინახება, შესაბამისად, მისი ტრანსპორტირებაც მარტივია.

ამ დროისთვის ცნობილი არ არის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტურობის ხანგრძლივობა. მეცნიერული კვლევების თანახმად, ადამიანებს, რომლებმაც გადაიტანეს კორონავირუსი, მაგრამ არ არიან აცრილები, იმუნიტეტი იცავს 6 თვის განმავლობაში. ვაქცინა ამაზე ძლიერი უნდა იყოს, თუმცა, შესაძლოა, როგორც გრიპის ვირუსის სხვა აცრების შემთხვევაშია, ინექციის გაკეთება ყოველწლიურად მოგვიხდეს.
| Print |