ჯანდაცვა
როდის აიცრა 28 წლის მედდა - საქმის ახალი დეტალები
28 წლის მედდის გარდაცვალების საქმეში ახალი დეტალების გასაჯაროვებას ადვოკატები, ხვალ, 29 მარტს გეგმავენ. ისინი ამ დროისათვის ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან, სადაც მეგი ბაქრაძის სიცოცხლის უკანასკენლი წუთების შესახებ ინფორმაცია იქნება მოცემული.

ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ დოკუმენტაციაში შესაძლოა გამოიკვეთოს ექიმების შეცდომა, რომელმაც ჯერ მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება, მოგვიანებით კი უკვე მისი სიკვდილი გამოიწვია.

კიდევ ერთი დეტალი, რაზეც ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები აპელირებენ, ის ფოტოა, რომელიც ,,მეცხრე არხის" ჟურნალისტებმა გადაიღეს. ფოტო აცრის მზადების დროს - 12:10 სთ -ზე გადაღებული. გადაღებიდან მაქსიმუმ ორ-სამ წუთში 28 წლის მედდა აიცრა. ჟურნალისტი ნინი ბერიძე იხსენებს, რომ ფოტოს გადაღებიდან მეგი მალევე აიცრა.

,,კლინიკაში რომ მივედით, მეგიზე გვითხრეს, მხოლოდ ეს-ღა დარჩა ასაცრელი, დანარჩენებს უკვე გაუკეთდა ვაქცინაციაო. ოპერატორმა მედდის აცრის მოსამზადებელი რამდენიმე კადრი გადაიღო, მეც მაგ დროს გადავუღე ფოტო. ეს ის დროა, როდესაც მეგი უკვე დაჯდა სკამზე და ნემსის გაკეთებას ელოდებოდა. მეორე მედდა კი ამპულიდან ვაქცინას იღებდა" - აცხადებს ნინი ბერიძე.

ფოტოზე მითითებული დროის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მეგი ბაქრაძე 12:30 სთ-ზე კი არა, მინიმუმ 15-17 წუთით ადრე აიცრა, რაც საქმეში არსებულ მასალებს მნიშვნელოვნად ცვლის. 

ტელეფონში დაფიქსირებული დროის გარდა, ფოტოში ასევე ჩანს კლინიკის კედლის საათი, რომელიც დაახლოებით იგივე დროს აფიქსირებს.

ფოტოზე დაფიქსირებული დროისა და შეცვლილი დეტალების შესახებ ადვოკატებიც საუბრობენ, თუმცა აცხადებენ, რომ უფრო მეტს ექსპერტიზის დასკვნის გაცნობის შემდეგ ისაუბრებენ. ადვოკატები ყურადღებას ფორმა 100-ის იმ დეტალზეც ამახვილებენ, სადაც მეგი ბაქრაძის აცრის დროა მითითებული.

28 წლის მეგი ბაქრაძე კოვიდ-კლინიკა "იმედში" მუშაობდა. ექთანი სამედიცინო პერსონალთან ერთად, 18 მარტს აიცრა. „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ექთანი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც 19 მარტს გარდაიცვალა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტის შესწავლა დაიწყო რეგულირების სააგენტომ, რათა დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ახალგაზრდა ქალის მძიმე მდგომარეობასა და ვაქცინას შორის. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
| Print |