ჯანდაცვა
ბრძოლა სიკვდილ-სიცოცხლეს შორის - ექიმები პანდემიის პირისპირ
უძილობა, ნერვიულობა, გაურკვეველი ხვალინდელი დღე და მუდმივი ბრძოლა სიკვდილ-სიცოცხლეს შორის - მეორე წელია მედიკოსებს ამ რეჟიმში უწევთ ცხოვრება. შეცვლილი ყოველდღიურობა განსაკუთრებით რთული რისკ-ჯგუფში მყოფი მედპერსონალისთვის აღმოჩნდა. 

ექიმი - ლაბორანტი ნინო მელიქიძე რისკ-ჯგუფს განეკუთვნება, ის „ოქსფორდ ასტრაზენეკათი“, 18 მარტს აიცრა. მედიკოსი თავს კარგად გრძნობს და მეორე დოზის გასაკეთებლად ემზადება. მიაჩნია, რომ პანდემიის დასამარცხებლად ერთადერთი გზა ვაქცინაციაა. კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად კი მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტები მუშაობდნენ.

ნინო მელიქიძე რისკ-ჯგუფის მიუხედავად, რთულ მდგომარეობაში მყოფ კოვიდპაციენტებს შესაძლებლობის მიხედვით მკურნალობდა. პანდემიის პირველ ეტპზე საკუთარ ლაბორატორიაში ანტისხეულების გამოკვლევა დაიწყო, რომლის მეშვეობით მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს დაადგინოს, გადატანილი აქვს თუ არა ახალი კორონავირუსი. ანტისხეულების აღმოჩენა ბიოლოგიური მასალის კვლევის შედეგად ხდება. ნინოს ლაბორატორიაში უკვე შესწავლილი ანალიზების მიხედვით, მოქალაქეთა 80% კოვიდგადატანილი პაციენტია.

„უსაფრთხო არაფერია, ამიტომ გადაჭრით არ შეგვიძლია ვთქვათ, თუ რა გართულებების მოტანა შეუძლია ვაქცინას, მაგრამ გადაჭრით ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ კორონავირუსი გაცილებით საშიშია, ვიდრე ვაქცინა“.

კორონავირუსის მეორე ტალღის დროს, ახალციხეში კოვიდ19-ით, მედიკოსთა უმრავლესობა დაინფიცირდა და მოსახლეობა, პრაქტიკულად სამედიცინო დახმარების გარეშე აღმოჩნდა. კოვიდპაციენტების მკურნალობის პერიოდში დაინფიცირდა პედიატრი და ოჯახის ექიმი გულიკო მოდებაძეც. შექმნილი კრიზისული ვითარების გამო, განკურნებისთანავე სამედიცინო დაწესებულებას დაუბრუნდა და კოვიდინფიცირებულ პაციენტებს დღემდე უვლის.

„მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირ წესს ვიცავდი მაინც დავინფიცირდი და ეს მოულოდნელიც არ ყოფილა. არ ვიცი საიდან ან ვისგან დავინფიცირდი, შეიძლება ეს კლინიკის გარეთაც მომხდარიყო“.

კორონავირუსი ტემპერატურითა და სურდოთი დაეწყო. ჯანმრთელობის მდგომარეობა მეორე დღიდანვე გაურთულდა და კლინიკაში 12 დღიანი მკურნალობა დასჭირდა. ვირუსმა სიმპტომები დღემდე დაუტოვა, მაგრამ სწორი და დროული მკურნალობით მალე გამოჯანმრთელდა. საავადმყოფო, სადაც მედიკოსი მუშაობს კოვიდმიმღებ კლინიკად გადაკეთდა, რის გამოც შესაძლო ინფიცირებულთან თითქმის ყოველ დღე უწევს შეხება.

„ემოციურად ძალიან გამიჭირდა, მაგრამ მალე ავიყვანე თავი ხელში, დავამარცხე კოვიდ19 და დავუბრუნდი ჩვეულ სამუშაო რეჟიმს“.

41 წლის თეა ფერიაშვილი ერთ-ერთია ექიმებს შორის, რომელიც კოვიდ19-ით არ დაინფიცირებულა, მიუხედავად იმისა, რომ მუდმივ რეჟიმში უწევდა კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებთან ყოფნა. ექიმი-თერაპევტი მეათე წელია ევექსის კლინიკების ახალციხის ფილიალში მუშაობს.

„ყოველდღიურად მქონდა კოვიდპაციენტებთან კონტაქტი, ძალიან რთული იყო როგორც ფსიქოლოგიურად ისე ფიზიკურად, მუდმივი სტრესის ქვეშ ვიყავით. ხშირად 24 საათიან რეჟიმში გვიწევდა მუშაობა, იყო დღეები, როცა 36 საათი გადაბმულად, შეუსვენებლად ვმუშაობდით. ძალიან რთული იყო უძილობა, სტრესი და დაღლილობა“.

თეა ფერიაშვილის ექვსსულიან ოჯახში ორი მცირეწლოვანი და ორიც მოხუცია. საკუთარ თავზე მეტად, ოჯახის წევრების ჯანმრთელობის გამო ნერვიულობდა. მიუხედავად იმისა, რომ მათთვის თავად წარმოადგენდა დაინფიცირების მაღალ რისკს, პაციენტების მოვლაზე უარი მაინც არ უთქვამს.
„ამ დაავადებას ტალღისებური ხასიათი აქვს და ბევრი რამ ჩვენს მენტალიტეტზეა დამოკიდებული, იმაზე თუ როგორც დავიცავთ რეგულაციებს. უნდა შევეცადოთ, რაც შეიძლება სწრაფად ჩავიტაროთ ვაქცინაცია“.

კორონავირუსთან გამკლავება განსაკუთრებით, ექიმებს გაუჭირდათ, ყველაზე მეტად კი მათ, ვისაც ოჯახში რისკ-ჯგუფის წარმომადგენელი - მოხუცი ან ქრონიკული დაავადებების მქონე პირი ჰყავდა ან თავად წარმოადგენდა რისკ-ჯგუფს.

კორონავირუსით, მსოფლიოში, 130 მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის 80% გამოჯანმრთელდა, დანარჩენი - დაიღუპა. პანდემიის გამო შეცვლილი სამუშაო პირობები განსაკუთრებით, რთული მედ-პერსონალისთვის აღმოჩნდა. მათ კოვიდინფიცირებულებთან კონტაქტი მეორე წელია ყოველდღიურად უწევთ.

გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |