ჯანდაცვა
ექიმები სტრესულ სიტუაციაში იმყოფებოდნენ - კლინიკის დირექტორი პროკურატურის ბრალდებაზე
„ეს ხალხი (ექიმები) დღესაც სტრესულ სიტუაციაში არიან და იმ დროსაც სტრესულ სიტუაციაში იმყოფებოდნენ“, - ამ განცხადებით გამოეხმაურა კლინიკა „იმედის“ ადმინისტრაცია მათი სამი თანამშრომლისთვის ბრალის წაყენებას. დირექტორმა გიორგი ბარძიმაძემ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ სამედიცინო დაწესებულება შეფასებისგან თავს იკავებს და გამოძიების დასრულებას ელის.

„ეგრე ვერ ვიტყვი, რომ გამოძიებას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს. მე ზუსტად ვერ გეტყვით, თანამშრომლებმა რა ინფორმაცია მიაწოდეს და შემდეგ რა მოხდა. შეიძლება, რაც პირველად თქვეს, შემდეგ დააზუსტეს“.

გიორგი ბარძიმაძემ ასევე განაცხადა, რომ პაციენტ მეგი ბაქრაძეს პირველადი დახმარება დროულად და სრულფასოვნად აღმოუჩინეს.

„მე არ ვიცი, რა თქვა რომელიმე ექიმმა პროკურატურაში. რაც ვიცი ისაა, რომ იქ (ვაქცინაციის ოთახში) იმყოფებოდა სამედიცინო პერსონალი და პაციენტს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. ბრალის წარდგენა არ ნიშნავს, რომ ეს დამტკიცებული ფაქტებია. ამას ყველაფერს სასამართლო სჭირდება. ვარაუდებზე პასუხს ვერ გაგცემთ, მხოლოდ პროკურატურა არ არის, სამედიცინო რეგულირების სააგენტოს მხრიდანაც მიდის გამოძიება, ვნახოთ, რას დადებენ ექსპერტები, რას იტყვის სამხარაულის ექსპერტიზა“.

კლინიკის დირექტორის თქმით, ჯერ არ უსაუბრია სამ თანამშრომელთან, რომლებსაც ბრალი წაუყენეს.

იმუნიზაციის ექიმს ვიოლეტა ინასარიძეს, ექიმ ბ.ლ.-ს და ექთან თ.გ.-ს, პროკურატურა არასწორი ჩვენების მიცემას ედავება.

ვიოლეტა ინასარიძემ ჟურნალისტებს 20 მარტს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც დეტალურად ისაუბრა, რა სახის პირველადი დახმარება აღმოუჩინა დაყოვნების ოთახში. პროკურატურის ინფორმაციით კი იგი ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდა

28 წლის მედდა მეგი ბაქრაძე 19 მარტს, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. წინასწარი მონაცემებით, მას კოვიდსაწინააღმდეგო აცრის შემდეგ, რომელიც ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ 18 მარტს ჩაუტარდა, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

ფაქტს სწავლობს რეგულირების სააგენტოც, რათა დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ახალგაზრდა ქალის მძიმე მდგომარეობასა და ვაქცინას შორის.
| Print |