ჯანდაცვა
კლინიკა „იმედში“ ვაქცინაციის პროცესი შეწყდა
კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს კლინიკა "იმედი" გამოეთიშა. აცრა მომავალი კვირის ბოლოდან ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გაგრძელდება. აღნიშნულს ადასტურებს კლინიკის დირექტორი რევაზ კუჭუხიძე. 

„ევექსის კლინიკამ ყველანაირი შემოწმება გაიარა და შესაბამისად, კოვიდვაქცინაცია ჩვენს კლინიკაშიც დაიწყება. ამასთან დაკავშირებით სხვა ინფორმაცია არ მაქვს“, - ამბობს რევაზ კუჭუხიძე. 

კლინიკა "იმედში" ვაქცინაციის პროცესი ოფიციალურად, რვა აპრილს შეწყდა, თუმცა 18 მარტის შემდეგ სამედიცინო დაწესებულებაში აცრა არ ჩატარებულა. როგორც კლინიკის მენეჯერი მზია კაკოშვილი ამბობს, მიზეზი არავის განუმარტავს.

„გუშინ დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა შეგვატყობინა, რომ ჩვენ ვეღარ ვიქნებით აღნიშნული სერვისის მიმწოდებლები. თუ რის საფუძველზე მიიღეს ეს გადაწყვეტილება, ინფორმაცია არ მაქვს, კლინიკიდან ვაქცინა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა უკან დაიბრუნა".


მზია კაკოშვილის თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 10 აპრილს უნდა გაეხსნათ, რადგან აცრის სურვილი 20-მდე პირმა გამოთქვა. 

რატომ გამოეთიშა ვაქცინაციის პროცესს კლინიკა „იმედი“, ამ საკითხის გარკვევა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ვცადეთ, თუმცა პრესსამსახური ტრადიციულად, ჩვენს ზარებს და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს არ პასუხობს. 

ამ ეტაპზე სამცხე-ჯავახეთში ვაქცინაციის პროცესი მხოლოდ ახალქალაქის ჰოსპიტალშია შესაძლებელი, სადაც ვაქცინაციის დაწყებიდან ამ დრომდე არავინ დარეგისტრირებულა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამცხე-ჯავახეთის განყოფილების უფროსი განმარტავს, რომ კლინიკა „იმედში“ ვაქცინაციის შეწყვეტის მიზეზის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. ნინო ზედგინიძის თქმით, ამ ეტაპზე ვაქცინაცია მხოლოდ ახალციხესა და ახალქალაქში იქნება შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ AstraZeneca/Oxford-ის ვაქცინის 1 400 დოზა სამცხე-ჯავახეთში 14 მარტს შემოიტანეს. რეგიონში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო, თუმცა 18 მარტს, როცა მეგი ბაქრაძეს ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, პროცესი შეწყდა. 

რეგიონში ვაქცინაცია სულ, 26 სამედიცინო პირს აქვს ჩატარებული.

| Print |