ჯანდაცვა
ახალქალაქის კლინიკამ „AstraZeneca“-ს მხოლოდ ერთი ამპულა დაიტოვა

 

ახალქალაქში შეტანილი „AstraZeneca“-ს 300 დოზიდან, კლინიკის ადმინისტრაციამ 290 უკან, თბილისში დააბრუნა. ჰოსპიტალის დირექტორის თქმით, ვაქცინას ვადა გასდიოდა, აცრის მსურველი კი არ ჩანდა.

სამცხე-ჯავახეთში ვაქცინაცია ამ ეტაპზე მხოლოდ ახალქალაქის კლინიკაშია შესაძლებელი. სამედიცინო დაწესებულებაში ერთი ფლაკონი „AstraZeneca“ ინახება, რომელსაც ვადა მაისში გასდის. მენეჯერი ალექსანდრე თოროიანი ამბობს, რომ ერთი თვის განმავლობაში ვაქცინაციის მსურველი არც კლინიკის თანამშრომლებს შორის გამოჩნდა და არც 55 წლის ზემოთ მოქალაქეებში.

„ჯერჯერობით, ვაქცინის მსურველი არავინაა. 300 დოზა იყო, მაგრამ ვადა ჰქონდა მაისამდე. ამის გამო 10 დოზა დავტოვე, დანარჩენი დავაბრუნე სამინისტროში, რომ გადანაწილდეს სხვა კლინიკებში. ძვირია და ცოდოა, რომ გაფუჭდეს. თუ საჭირო იქნება, ახალ პარტიას მივიღებთ“, - გვითხრა ალექსანდრე თოროიანმა.
ახალქალაქის ჰოსპიტალის 160 თანამშრომლიდან ვაქცინირებული არც ერთია. მენეჯერის თქმით, სამედიცინო პერსონალს „ფაიზერით“ ვაქცინაცია სურს, „AstraZeneca“-ს მიმართ უნდობლობა კი მედდის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალებამ გამოიწვია.

„ახალციხის შემთხვევა (მეგი ბაქრაძის გარდაცვალება) ძალიან ნეგატიურად აისახა ამ პროცესზე. მე ვიცი ჩემი თანამშრომლები, რომლებიც აპირებენ თბილისში წასვლას და „ფაიზერის“ ვაქცინის გაკეთებას. რას არ წერენ „AstraZeneca“ ვაქცინაზე, კამპანია არის დაწყებული. ეს არის მთავარი მიზეზი. ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი, რომ დამარცხეს პანდემია. კოვიდის შემთხვევებმა იმატა და მე ვფიქრობ, რომ შეიძლება უკვე დაიწყონ აცრა“.
კორონავირუსის პანდემიის დასრულება რომ მხოლოდ ვაქცინაციას შეუძლია, ამას მოქალაქეებიც აცნობიერებენ. მედპერსონალისგან განსხვავებით, „AstraZeneca“-ს ნდობას უცხადებს სოფელ ვარხნის სკოლის პედაგოგი. 71 წლის მზია ხაჩიძე ამბობს, რომ მოსახლეობის ვაქცინაცია აუცილებელია, თუმცა აცრამდე რამდენიმე ანალიზის გაკეთებაა საჭირო.

კორონავირუსი მქონდა და ველოდები, როდის გავა ექვსი თვე, თუმცა ვაქცინის გაკეთებამდე ყველა სახის ანალიზებსა და გამოკვლებებს ჩავიტარებ, ისე არ ავიცრები. მეშინია, დიაბეტიანი ქალი ვარ, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება აუცილებელია“, - ამბობს მასწავლებელი.

ახალციხეში, ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილი მედდის, მეგი ბაქრაძის შემთხვევამ, აცრაზე უარი ათქმევინა სამედიცინო პერსონალსაც. მათ შორის ერთ-ერთია კლინიკა „სიცოცხლის ხეს“ ეპიდემიოლოგი. თამარ კაკაჩიშვილმა კორონავირუსი უკვე გადაიტანა, თუმცა ფიქრობს, რომ ანტისხეულების რაოდენობის კლების შემდეგ, არჩევანს „ფაიზერზე“ შეაჩერებს. სამცხე-ჯავახეთში „ფაიზერი“ არ არის, „ასტრაზენეკას“ მსურველი კი 18 მარტის შემდეგ აღარ გამოჩენილა.

თუ არჩევანის წინაშე დამაყენებენ, არც ჩინურს და არც რუსულ ვაქცინას გავიკეთებ. მინდა ფაიზერი, თუმცა იმ ვაქცინებს, რომლებიც საქართელოში უნდა შემოვიდეს, ისევ „ასტრაზენეკა“ მირჩევნია. რა თქმა უნდა, ანალიზებს წინასწარ ჩავიტარებ: სისხლის საერთოს, სისხლის შედედებას - ეს რაც მნიშვნელოვანია, თორემ ყველაფერს ფიზიკურად ვერ გაიკეთებ, იმხელა ხარჯებთან არის დაკავშირებული“.

ადიგენის სოფელ ბოლაჯურში მცხოვრები 62 წლის მიხეილ ქიმაძე ვაქცინაციისთვის საჭირო კრიტერიუმს აკმაყოფილებს, თუმცა აცრას არ აპირებს. ფერმერი ამბობს, რომ ვაქცინასთან დაკავშირებით მოსახლეობას არაერთი კითხვა აქვს. პროცესის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება მეგი ბაქრაძის შემთხვევამ კიდევ უფრო გაამძაფრა.

მე არ მინდა გაკეთება, ჯანმრთელი გოგო გარდაიცვალა და მე მოხუცმა რატომ უნდა გავიკეთო? ჯერ რა ვაქინაა, ვიცით? ასე მალე რომ შემოიტანეს, როგორი იქნება? ავადმყოფი ვარ, მეშინია. ყველას შიში გვაქვს ამ ვაქცინის, არ უნდა დააძალონ ადამიანებს, არ შეიძლება“.

ერთ თვეში, საქართველოში 20 622 პირი აიცრა. ჯანდაცვის სფეროს ექსპერტების თქმით, ამ ტემპით ორი წელია საჭირო იმ რაოდენობის ადამიანების ვაქცინაციისთვის, რაც საზოგადოებრივი იმუნიტეტის გამომუშავებისთვის არის აუცილებელი.

“მოსახლეობას სჭირდება მეტი ინფორმაცია, მეტი მუშაობაა საჭირო მიზნობრივ ჯგუფებთან, საჭიროა ვაქცინაციის გეგმის დროულად შეთანხმება, რომ ყველამ იცოდეს, როდის რა რაოდენობით ვაქცინა შემოდის და რატომ არის ამ კონკრეტულ ვაქცინაზე არჩევანი შეჩერებული. საჭიროა ორგანიზება, როგორც ვაქცინაციის პროცესის, ისე მისი გართულებების. ყველა შემთხვევა, რომელიც ეჭვს იწვევს, უნდა იყოს გამოძიებული, ღიად უნდა იყოს გაცხადებული მიზეზები, სხვანაირად ვაქცინააციის პროცესი წინ ვერ წავა”, - აცხადებს ანდრია ურუშაძე.

ვაქცინაციის გააქტიურებაში, საინფორმაციო კამპანიაზე ამყარებს იმედს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი. ამირან გამყრელიძე ვარაუდობს, რომ მასობრივი ვაქცინაცია სამ თვეში დაიწყება.

„ყოველდღიურად 3 000 დან 4 000-მდე აცრა გვჭირდება, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი იმუნიტეტი შევქმნათ. დიდი ალბათობით, მასოვრივი აცრები ჩვენთან ივლისში დაიწყება, როდესაც საკმარისი რაოდენობის დოზა გვექნება - სულ მცირე, ნახევარი მილიონი. თუ არ დავიცავთ რეკომენდაციებს და არ გაიზდება ვაქცინაციის მაჩვენებელი, მოგვიწევს კიდევ შეზღუდვების დაწესება“,- ამბობს ამირან გემყრელიძე.

მას შემდეგ, როცა მეგი ბაქრაძეს სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა და გარდაიცვალა, იმუნიზაციის გეგმაში ორი ცვლილება შევიდა. ჯანდაცვის სამინისტროში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაცია იმ კლინიკებში გაგრძელებულიყო, რომელსაც რეანიმაციული განყოფილება ჰქონდა. ამიტომ კლინიკების რაოდენობა 88-დან 42-მდე შემცირდა. გარდა ამისა, „ასტრაზენეკას“ 55 წელს ზემოთ პირებს გაუკეთებენ.
მომზადებულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა, და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

 

| Print |