ჯანდაცვა
"მეგის კორონავირუსი გადატანილი არ ჰქონია“ - კლინიკის დირექტორი
28 წლის მედდის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ადვოკატებს არაერთი გარემოება მიაჩნიათ საეჭვოდ. საქმეში დართული კომპიუტერული ტომოგრაფიის შესწავლის შემდეგ, უფლებადამცველები ვარაუდობენ, რომ მეგი ბარაძეს კორონავირუსი ჰქონდა.

კიდევ ერთი დეტალი, რაზეც მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები საუბრობენ, ამპულის გახსნის დრო და მისი დოზაა. მედპერსონალის განმარტებით, აცრა დილის 10 საათზე დაიწყო და არა 11:40 სთ-ზე, როგორც ეს ამპულაზეა მითითებული. ვახტანგ ბარამაშვილის თქმით, მედპერსონალის გამოკითხვაც რომ არ იყოს საქმეში, წარმოუდგენელია 35 წუთში ათი პაციენტის აცრა, რადგან ცნობილია, რომ მეგი ბაქრაძე მაქსიმუმ, 12:15 სთ-ზე აიცრა.

ასევე, ექიმების განმარტებით, 18 მარტს მეგი ბაქრაძე იყო მეათე, ვინც "ასტრაზენეკას" იმ ამპულიდან აიცრა. ეს ადვოკატისთვის საეჭვოა, რადგან ამოღებულ შპრიცში, როგორც ეს "მეცხრე არხის" მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, ამპულაში კიდევ რჩება მინიმუმ, ერთი დოზა ვაქცინა.

„როცა ამბობენ, რომ მეგი აიცრა მეათე, წესით წამალი აღარ უნდა რჩებოდეს. სწორედ ეს ფაქტი და მსგავსი უზუსტობები იწვევს იმ ეჭვს, რის გამოც ვიბრძვით სიმართლის გასარკვევად“, - აცხადებს ვახტანგ ბარამაშვილი.

ადვოკატების განცხადებას კლინიკა „იმედის“ დირექტორი გიორგი ბარძიმაძე გამოეხმაურა.

„კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის ფლაკონზე ვერაფერს გიპასუხებთ. სხვა შემთხვევაში ვიცი და გამიგია, რომ რამდენი დოზაც არის განსაზღვრული ფლაკონში, შეიძლება დამატებით გარკვეულ რაოდენობას ამპულაში მწარმოებელი ტოვებდეს“, - აცხადებს კლინიკა „იმედის“ დირექტორი.

გიორგი ბარძიმაძე ამბობს, რომ კლინიკა გამოძიების შედეგებს ელის. ადმინისტრაციამ საქმის მასალები და მტკიცებულებები, მათ შორის ვიდეო კამერების ჩანაწერები, გამოძიებას გადასცა.


28 წლის მედდა მეგი ბაქრაძე 19 მარტს, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. წინასწარი მონაცემებით, მას კოვიდსაწინააღმდეგო აცრის შემდეგ, რომელიც ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ 18 მარტს ჩაუტარდა, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით აწარმოებს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

ფაქტს სწავლობს რეგულირების სააგენტოც, რათა დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ახალგაზრდა ქალის მძიმე მდგომარეობასა და ვაქცინას შორის.

| Print |