ჯანდაცვა
ახალციხის კლინიკაში ვაქცინა არ შეუტანიათ
ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში ვაქცინაცია 20 აპრილს უნდა დაწყებულიყო, თუმცა დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა კლინიკაში ვაქცინა არ შეიტანა. როგორც ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში განმარტავენ, მიზეზი კლინიკის მოუმზადებლობაა.

„ვაქცინაცია უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ვაქცინა ჩვენთან ჯერ არ შემოუტანიათ, რადგან ეს პროცესი საავადმყოფოს შესაბამის აღჭურვას მოითხოვს“, - აცხადებს საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი ბესო ბურჯალიანი. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ვაქცინა ამ დროისთვის ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრშია და კლინიკაში 21 აპრილს შეიტანენ. 

„დღეს ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში ვიყავით, შევამოწმეთ დაწესებულება და ყველაფერი ნორმაში იყო, შესაბამისად, ევექსის საავადმყოფო ვაქცინას ხვალ მიიღებს“, - აცხადებს ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ფატი ხაბულიანი. 

შეგახსენებთ, რომ AstraZeneca/Oxford-ის ვაქცინის 1 400 დოზა სამცხე-ჯავახეთში 14 მარტს შემოიტანეს. რეგიონში ვაქცინაცია 15 მარტს, კლინიკა "იმედში" დაიწყო, თუმცა 18 მარტს, როცა მეგი ბაქრაძეს ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა და გარდაიცვალა, პროცესი შეწყდა.

ახალციხის კლინიკა "იმედიდან" ვაქცინა რვა აპრილს გაიტანეს, რადგან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, სამედიცინო დაწესებულება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს გამოეთიშა. მოგვიანებით გადაწყდა, რომ მის ნაცვლად ვაქცინაცია რეფერალურ ჰოსპიტალში განხორციელდებოდა. 

რეგიონში ვაქცინა სულ, 26 პირს აქვს გაკეთებული. 11 მაისის ჩათვლით, ახალციხეში აცრის ორი მსურველია დარეგისტრირებული, ახალქალაქის კლინიკაში კი არც ერთი.

| Print |