ჯანდაცვა
ვაქცინაციის წინასწარი რეგისტრაცია 45 313-მა პირმა გაიარა
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კორონავირუსის ვაქცინაციის მსურველთა გასარკვევად შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე, დღეის მდგომარეობით, 45 313 მსურველია დარეგისტრირებული. მოქალაქეს რამდენიმე ვაქცინიდან მაქსიმუმ, სამის არჩევა შეუძლია.

მონაცემების მიხედვით, დარეგისტრირებულ მოქალაქეთა უმრავლესობას - 43 446 პირს „ფაიზერით“ ვაქცინაცია სურს. „მოდერნას“ ვაქცინით აცრის სურვილი 21 306 ადამიანმა გამოთქვა. 8 800 მოქალაქეს „ასტრაზენეკას“ გაკეთება უნდა, 6 137 -მა კი „ჯონსონი და ჯონსონი“ აირჩია. რაც შეეხება „ნოვოვაქსით“ აცრას მისი გაკეთების სურვილი 4 261-მა ადამიანმა გამოთქვა, 2 360 მოქალაქეს „სინოფარმით“ აცრა სურს, 524 -ს კი - „სინოვაკით“.

როგორც პორტალზეა აღნიშნული, წინასწარი რეგისტრაციის მიზანია ინფორმაციის მიღება COVID-19 ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ. ვაქცინაციაში მონაწილეობა შეუძლია 18 წელზე უფროს მოსახლეობას. 
| Print |