ჯანდაცვა
როდის დაიწყება მასობრივი ვაქცინაცია
რეალურად, მესამე და მეოთხე კვარტალი არის ის პერიოდი, როდესაც ჩვენ მასიური ვაქცინაციის დაწყებაზე ვფიქრობთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი განმარტებით, „ფაიზერის“ დამატებით დოზებთან დაკავშირებითაც კონკრეტული პასუხები მალე ექნებათ.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეების ასეთი აქტივობა პორტალზე, სადაც მათ შეუძლიათ დააფიქსირონ თავიანთი არჩევანი. ეს ჩვენ გვეხმარება, სწორად მივიღოთ გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რომელი ვაქცინები იქნება მეტად მისაღები ჩვენი მოქალაქეებისთვის. მიმდინარე პროცესებში ჩვენ მოლოდინი გვაქვს
„ასტრაზენეკასი“ და ასევე „სინოფარმი“ მალე გახდება ხელმისაწვდომი. რაც შეეხება „ფაიზერს“, ფართო გამოყენებისთვის მეორე კვარტლის ბოლოდან შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ. მესამე და მეოთხე კვარტალი არის ის პერიოდი, როდესაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკვე საყოველთაო ვაქცინაცია ხელმისაწვდომი და შესაძლებელი იქნება და ის მოქალაქეები, რომელთაც დღეს რისკის სტატუსის გამო ან ასაკობრივი სტატუსის გამო ჯერჯერობით ვაქცინაციის პროგრამაზე ხელმისაწვდომობა არ აქვთ, ისინი უკვე შეძლებენ აქტიურად ჩაერთონ.

მალევე გვექნება კონკრეტული პასუხები „ფაიზერის“ დამატებით დოზებთან დაკავშირებითაც, ასევე ჩვენთვის ერთ-ერთი პერსპექტიული ვაქცინა „ნოვავაქსიც“ არის. მოქალაქეები ამის შესახებ შეიტყობენ“,
- აცხადებს გაბუნია.

მისი თქმით, მესამე კვარტალი - ივლისი, აგვისტო, სექტემბერი არის იმისათვის, რომ მეტი ვაქცინის დოზები უნდა იყოს ხელმისაწვდომი, გაფართოვდეს მოცვა, როგორც ასაკობრივ ჯგუფებში, ასევე პროფესიულ ჯგუფებში.

„ხოლო წლის ბოლომდე უკვე სრულად მოვიცვათ 18 წლის ზევით მოსახლეობა. ყველაზე ბოლო ეტაპი ეს ის პერიოდია, როდესაც ჩვენ ჩამოვალთ 18 წლის ზემოთ მოსახლეობაზე, ვისაც რაიმე განსაკუთრებული რისკი არ აქვს, რაც მას ახვედრებდა უფრო მეტად პრიორიტეტულ ჯგუფში. ეს არის გეგმა. სულ ჯამში ჩვენ გვჭირდება დაახლოებიით 3 900 000 დოზა იმისათვის, რომ ეს 60%-იანი მოცვა უზრუნველვყოთ“, - აცხადებს გაბუნია.
| Print |