ჯანდაცვა
აბასთუმნის ფილტვის ცენტრში კოვიდგადატანილი პირები რეაბილიტაციას გაივლიან
პირები, რომლებმაც COVID-19 გადაიტანეს, 20-დღიან რეაბილიტაციის კურსს აბასთუმანში, ფილტვის ცენტრში გაივლიან. კურსი უფასოა და ის ფილტვების ქრონიკული დაავადებების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება.

სარეაბილიტაციო კურსის ჩატარება რეკომენდირებულია მკურნალობის დასრულებიდან თვენახევარი-ორი თვის შემდეგ. ფილტვის ცენტრში ამბობენ, რომ რეაბილიტაცია 20-ზე მეტმა პირმა უკვე გაიარა.

„რეაბილიტაციის კურსში შედის კვლევები, რომელიც საჭიროა დინამიკაში დაკვირვებისთვის. სისხლის საერთო ანალიზი, კარდიოგრამა, გლუკოზის წნევის, პულსის კონტროლი, პულმონოლოგის და კარდიოლოგის კონსულტაცია, ზოგადი და სუნთქვითი ვარჯიში, ფიზიოპროცედურები, ფიტნეს ცენტრი, სადაც დოზირებული ფიზიკური დატვირთვის საშუალება არის“, - ამბობს ცენტრის ხელმძღვანელი რევაზ ჟღენტი.

შესაძლო გართულებების რისკების მინიმუმამდე შესამცირებლად, რეაბილიტაციის კურსის გავლამდე სავალდებულოა შემდეგი სახის კვლევების ჩატარება:
  • გულმკერდის რადიოლოგიური (რენტგენოლოგიური ან კტ) კვლევა;
  • ფილტვის ფუნქციური ტესტი (სპირომეტრია);
  • სისხლის საერთო ანალიზი;
  • ელექტროკარდიოგრამა;
  • ექიმ-სპეციალისტების (პულმონოლოგი ან კარდიოლოგი ან ოჯახის ექიმი) კონსულტაცია.
  • ფიბრინის დეგრადაციის პროდუქტების განსაზღვრა ( D-დიმერი), ან კოაგულოგრამა.
პროგრამაში ჩასართავად პირმა ელექტრონულ ფოსტაზე - This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it უნდა გააგზავნოს საბუთები:
  1. პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
  2. COVID19-ის გამო ჩატარებული სტაციონარული მკურნალობის დამადასტურებელი ფორმა N100. სახლის ან კოვიდ სასტუმროს პირობებში მკურნალობისას, კოვიდ19-ის დადებითი ტესტის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
  3. ახალი ფორმა N100,რომელშიც ასახული იქნება ზემოაღნიშნული კვლევების მონაცემები;
  4. ჩატარებული კვლევების შედეგები;
  5. საკონტაქტო ინფორმაცია.
„შესაძლებელია აღნიშნული დოკუმენტაცია მატერიალური სახით წარდგენილ იქნას „ფილტვის ქრონიკული დაავადებების რეაბილიტაციის კომპონენტის ფარგლებში მოსარგებლის ჩართვის და რიგის მართვის კომისიაში“. მისამართი: ქ.თბილისი, აჭარის ქუჩა #9 (ყოფილი ხუდადოვის), “ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი“, - წერია აბასთუმნის ფილტვის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯერ კიდევ 2020 წლის 28 აპრილს განაცხადა, რომ პაციენტები, რომელთა მკურნალობა გახანგრძლივდა 14 დღეზე მეტი, არ აღენიშნებათ კლინიკური სიმპტომატიკა, მათი პასუხი არის სუსტი დადებითი და საჭიროებენ მხოლოდ ექიმების მეთვალყურეობას, მკურნალობას აბასთუმნის ფილტვის ცენტრში გააგრძელებდნენ.
| Print |