ჯანდაცვა
საქართველოში შემოტანილ „ასტრაზენეკას“ ვაქცინას ვადა მაისის ბოლოს ეწურება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, 13 მარტს საქართველოში შემოსული „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ვარგისიანობის ვადა 31 მაისს იწურება.

შეძლებს თუ არა ვარგისიანობის ვადის ამოწურვამდე ქვეყანა ვაქცინის ათვისებას, ზახაშვილმა განმარტა, რომ უკვე აცრილი და დარეგისტრირებული ადამიანების რაოდენობის გათვალისწინებით, ვაქცინის ათვისება შესაძლებელი იქნება. მისივე თქმით, ჯერ უცნობია ვაქცინის ვადა, რომელიც საქართველოში მიმდინარე თვეს უნდა ჩამოვიდეს.

„ახლა შემოსული რაც გვაქვს, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ეს არის 43 200 დოზა, რომელიც შემოვიდა 13 მარტს საქართველოში, მისი ვარგისიანობის ვადა არის 31 მაისამდე. ახლა აცრილთა რაოდენობის მიხედვით და უკვე დაჯავშნილი ადგილების მიხედვით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე, იმის გათვალისწინებით, რომ უკვე აცრილ ადამიანებს უწევთ, ასევე მეორე დოზით აცრა მაისის თვეში, ვფიქრობთ, რომ ეს 43 200 დოზა სრულად იქნება ათვისებული ვადაში. რაც შეეხება დანარჩენ დოზებს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის, რომელსაც ველოდებით აპრილში, სამწუხაროდ, სანამ ვაქცინა არ შემოვა, ფაქტობრივად, მათი ვარგისიანობის შესახებ არ გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია და ვერაფერს გეტყვით, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ეს იმდენად მცირე დოზებია ჩვენს საჭიროებასთან შედარებით, რომ მათი ათვისება მოესწრება და არ გახდება დოზები ჩამოსაწერი ვადის გასვლის გამო,“- განაცხადა ზახაშვილმა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორის ივანე ჩხაიძის თქმით, ეს პრობლემა მასიური ვაქცინაციის დროს დადგება, როდესაც ქვეყანაში მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა შემოვა, თუ ვაქცინაციის პროცესი არსებული ტემპით გაგრძელდება.

„მასიური ვაქცინაციის დროს, რა თქმა უნდა, ამის რისკი არსებობს, დღეს ამის რისკი არ არის. მასიური ვაქცინაციის დროს, ჩვენ ველოდებით მილიონ დოზა „ფაიზერის“ ვაქცინას და მილიონი დოზის შემთხვევაში, ამისი რისკი გაცილებით მეტია, თუ შევინარჩუნეთ ის ტემპი, რაც დღეს გვაქვს, სამწუხაროდ ეს რეალობაა,“ - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
| Print |