ჯანდაცვა
სექტორი გადატვირთულია, კლინიკებში საწოლებს ვამატებთ - ჯანდაცვის მინისტრი
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ორშაბათიდან კლინიკებში დამატებით 6 000 საწოლი იქნება. როგორც ტიკარაძე აცხადებს, დღეის მდგომარეობით 5 500 საწოლია მობილიზებული. 

„დღეის მდგომარეობით, მკურნალობას გადის 3 600-მდე პაციენტი. მობილიზებულია 5 500 საწოლი. საფრთხეები არსებობს საკმაოდ დიდი. მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო სექტორი გადატვირთულია და ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, თუ რა ზღვარზე მუშაობენ ჩვენი ექიმები უკვე წელიწადზე მეტია. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია მათი რესურსის გაფრთხილება. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს საწოლფონდის სრული მობილიზება, რომ ჩვენ გვქონდეს იმ საწოლფონდის სრული ოდენობა, რომელიც გვქონდა მეორე ტალღის პიკურ მაჩვენებელში. ასევე მიმდინარეობს როგორც ჟანგბადის მოცულობების სრული მობილიზაცია, ასევე მედიკამენტების. სექტორში ამ მხრივ სრული მზაობაა, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ იმის ჩანაცვლება და გადატვირთვა, რაც ჩვენს ექიმებს დღესდღეობით აქვთ, სახელმწიფოს ძალიან გაუჭირდება“, - განაცხადა ტიკარაძემ. 

რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ორშაბათს დაგეგმილი ვაქცინაციის საბჭოს ფორმატში სპეციალისტები იმ ჯგუფებთან მიმართებაში იმსჯელებენ, ვინც პროცესში ჩაერთვება.

„ჩვენ მივყვებით იმ კალენდარს, რომელიც დამტკიცებული და შეთანხმებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან. ორშაბათს ვაქცინაციის საბჭო დამატებით შეიკრიბება და იმსჯელებს იმ ჯგუფებთან მიმართებაში, რომლებიც ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან“, - განაცხადა ტიკარაძემ.
| Print |