ჯანდაცვა
ვცდილობთ, ინდური შტამის შემოსვლა ქვეყანაში გადავადდეს - ამირან გამყრელიძე
ვირუსის სრულიად ახალი ფორმა, რომელიც მსოფლიოსთვის და საქართველოსთვის მთავარ საფრთხედ სახელდება B.1 .617-ია. ორმაგი მუტაციური კოვიდ-19, რომელიც პირველად ინდოეთში დაფიქსირდა მსოფლიოში გავრცელებული სამხრეთ აფრიკულის და ბრაზილიური შტამის კომბინაციაა, რომლებიც 50%-ით გადამდებია ვირუსის ძველ ვარიანტთან შედარებით. შესაბამისად, სპეციალისტები ამბობენ, რომ ე.წ ინდური შტამი კოვიდ შემთხვევებს კატასტროფულად ზრდის.

ე.წ ინდურ შტამი საშიშია ყველა ასაკის ჯგუფისთვის. ის ერთნაირად მოქმედებს როგორც ახალგაზრდებში, ასევე ხანდაზმულებში. ზრდის ლეტალობის შემთხვევებს, გვერდს უვლის ანტისხეულებს და მაღალია ალბათობაა რეინფიცირების. მეცნიერებმა ჯერ კიდევ არ იციან, იმუშავებს თუ არა ახალი შტამის წინააღმდეგ არსებული ვაქცინები, თუმცა, სწორედ იმუნიზაციის დაბალი აქტივობა სახელდება ვირუსის სრულიად ახალი ფორმის გავრცელების მიზეზად.

ე.წ ინდური შტამის შემთხვევა ლაბორატორიულად საქართველოში არ გამოვლენილა. ოფიციალური მონაცემებით ვიცით, რომ ქვეყანაში 90 % -ით ე.წ ბრიტანული შტამი ცირკულირებს. ვირუსის თავისებურებიდან და გავრცელების მასშტაბებიდან გამომდინარე, სიფრთხილის ზომები საქართველომ უკვე მიიღო. ყველა ის პირი, რომელიც ინდოეთიდან ქვეყანაში შემოვა, 14-დღიან კარანტინს გაივლის .

ვირუსის სრულიად ახალი ფორმა უკვე 16 ქვეყანაშია დადასტურებული, მათ შორის ბრიტანეთში.

,,იმის ალბათობა, რომ სხვა შტამებიც გაჩნდეს და შემოვიდეს ქვეყანაში, დიდია. ინდოეთში ხომ ხედავთ, რაც ხდება, ძალიან სწრაფი გავრცელებაა. ამიტომ, ვცდილობთ, რომ ამ შტამის ქვეყანაში შემოსვლა გადავადდეს და პრევენცია მოხდეს"- ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირქტორი ამირან გამყრელიძე კორონავირუსის ახალ, ინდურ შტამზე, რომელიც რეკორდულად სწრაფად ვრცელდება.

ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით კი, საქართველოში კოვიდ 19-ის ინდური შტამი ჯერ არ დაფიქსირებულა.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, იმის ალბათობა, რომ ინდური შტამი ფართოდ გავრცელდება შედარებით ნაკლებია.

ამასთან, ცერცვაძემ კოვიდინფექციის მესამე ტალღის შესახებ ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „არავინ იცის როგორი იქნება ვირუსის მესამე ტალღა“.

ინფექციონისტის თქმით, არცერთი შტამი სერიოზულად ერთმანეთისგან არ განსხვავდება.

| Print |