ჯანდაცვა
თვენახევრის შემდეგ ახალციხეში ვაქცინაცია განახლდა
დღეს, 27 აპრილს ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია განახლდა. "ასტრაზენეკას" ვაქცინით დღეს ათი ადამიანი აიცრა. იმუნიზაციის ოთახში, სადაც მედპერსონალი და მოქალაქეების ვაქცინაცია მიმდინარეობს, უცხო პირები არ შეუშვეს.

ვაქცინაციის მისაღებად დარეგისტრირდნენ, როგორც მედიკოსები, ისე მოქალაქეები. ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტლის მომარაგება ვაქცინის დოზით მსურველთა რეგისტრაციიდან გამომდინარე მოხდება.

ვაქცინაციის პროცესი თავდაპირველად კლინიკა „იმედში“ მიმდინარეობდა თუმცა ახალგაზრდა მედიკოსის გარდაცვალების შემდეგ, კლინიკა პროცესს 9 აპრილს გამოეთიშა.

AstraZeneca/Oxford-ის ვაქცინის 1 400 დოზა სამცხე-ჯავახეთში 14 მარტს შემოიტანეს. რეგიონში ვაქცინაცია 15 მარტს, კლინიკა "იმედში" დაიწყო, თუმცა 18 მარტს, როცა მეგი ბაქრაძეს ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა და გარდაიცვალა, პროცესი შეწყდა.

ახალციხის კლინიკა "იმედიდან" ვაქცინა რვა აპრილს გაიტანეს, რადგან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, სამედიცინო დაწესებულება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს გამოეთიშა. მოგვიანებით გადაწყდა, რომ მის ნაცვლად ვაქცინაცია რეფერალურ ჰოსპიტალში განხორციელდებოდა.

რეგიონში ვაქცინა დღემდე, 26 პირს ჰქონდა გაკეთებული.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მსურველთა გასარკვევად შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე, დღეის მდგომარეობით, 57 000 მსურველია დარეგისტრირებული. მოქალაქეს სამი სახეობის ვაქცინის არჩევის შესაძლებლობა აქვს.

მონაცემების მიხედვით, დარეგისტრირებულ მოქალაქეთა უმრავლესობას - 54 524-ს „ფაიზერით“ ვაქცინაცია სურს.

„მოდერნას“ ვაქცინით აცრის სურვილი 26 118 ადამიანმა გამოთქვა. 10 937 მოქალაქეს „ასტრაზენეკას“ გაკეთება უნდა, 7 467 -მა კი „ჯონსონი და ჯონსონი“ აირჩია. რაც შეეხება „ნოვოვაქსით“ აცრას, მისი გაკეთების სურვილი 5 127-მა ადამიანმა გამოთქვა, 3 015 მოქალაქეს „სინოფარმით“ აცრა სურს, 680 -ს კი „სინოვაკით“.

| Print |